ირაკლი კობახიძე: რუსული გავლენა საქართველოში მცირდება, ამაზე არჩევნების შედეგებიც მეტყველებს

“ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის. მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ რუსული გავლენა არ გაფართოვდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ე.წ. უკვდავი პოლკის მიერ გამართული საპროტესტო აქციის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსული გავლენა საქართველოში მცირდება, ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგებიც, პრორუსული პარტიები უფრი ნაკლებ ხმებს იღებენ საქართველოში.
„ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის. მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ რუსული გავლენა არ გაფართოვდეს. თქვენ ხედავთ, რომ გასული წლების განმავლობაში არათუ არ ფართოვდება, მცირდება რუსული გავლენა საქართველოში. ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგებიც – პრორუსული პარტიები უფრი ნაკლებ ხმებს იღებენ საქართველოში. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი დამსახურება. აქციის მოწყობა შეუძლია ყველას, მთავარია, როგორია ამაზე ხელისუფლების რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით ვაკეში “უკვდავი პოლკის” მსვლელობა და მისი კონტრაქცია ერთდროულად გაიმართა. “უკვდავი პოლკის“ პროექტი, რომელიც რუსეთიდან იღებს სათავეს და ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერით სარგებლობს, საქართველოში პირველად 2017 წლის 9 მაისს გამოჩნდა. პრორუსული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის.
რაც შეეხება კონტრაქციას – მას მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ. ისინი რუსეთის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული ორგანიზაციების საქმიანობას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები