წალენჯიხაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
წალენჯიხაში მეორე მსოფლიო ომის გმირის, მელიტონ ქანთარიას საფლავი და ლიასა და ხოკოში მდებარე ობელისკები გვირგვინით შეამკეს. ომში დაღუპულებს, მოსახლეობასთან ერთად, პატივი დეპუტატმა გოგა გულორდავამ და წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი ომის ვეტერანს, 91 წლის ვარვარა ბონდარენკოს პირადად, ყვავილებითა და ტკბილეულით მიულოცეს.
“მიუხედავად იმისა, რომ მე ეროვნებით რუსი ვარ, 70 წელზე მეტია, საქართველოს მოქალაქე ვარ და მიყვარს ეს ქვეყანა. მე აქ უდიდეს პატივს მცემენ და ბოლო ამოსუნთქვამდე ამ დალოცვილ მიწაზე ვაპირებ სიარულს”, – განაცხადა ვარვარა ბონდარენკომ.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.