თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინებაა

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველი გუნდის სურვილია, რომ ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები მაქსიმალურად გაითვალისწინონ. როგორც მან აღნიშნა, წლის ბოლომდე ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობაში აისახება.
„ჩვენი მზაობა, მიზანი და სურვილი ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინებაა. 2019 წელი გვაქვს იმისთვის, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიტანოთ. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სასურველია, არჩევნებთან ახლოს ცვლილებები არ განხორციელდეს. წესით, სასურველია, 2020 წელს ცვლილებები აღარ მოხდეს და, შესაბამისად, კანონმდებლობაში ცვლილებები მანამ შევიდეს. ეს ნიშნავს, რომ წლის დასრულებამდე, წესით, ჩვენ უნდა მოვასწროთ და მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა რეკომენდაცია, რომელიც ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაშია მოცემული, კანონმდებლობაში ასახული იყოს.
ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც ავიღეთ და პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს პროცესს, რომელმაც ცვლილებების კანონმდებლობაში შეტანა უნდა უზრუნველყოს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ქართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით ახალი ოფიციალური რეკომენდაციები არ მიუღია და დოკუმენტი, რომელზეც ოპოზიციონერი დეპუტატი – სალომე სამადაშვილი საუბრობდა, ოფიციალური რეკომენდაცია არაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები