გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე პასუხობს
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის ბრალდებებს ადრესატი, ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე – მირანდა მესხია პასუხობს. ბეჟაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში ბრიფინგზე განაცხადა, რომ საოლქო კომისიაში დარღვევებზე უკვე 70 საჩივარია შესული და კომისიის თავმჯდომარეს წინა არჩევნების დროსაც მრავალი დარღვევა დაუფიქსირდა.
“არ არის არცერთი სტანდარტი უზრუნველყოფილი. ერთი სიტყვით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია თავის უფლებამოსილებას არ ახორციელებს და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მირანდა მესხიას განცხადებით, კომისიაში არა 70, არამედ 65 საჩივარია შესული და აქედან 54 ერთსა და იმავე საკითხს, უბნებზე ხელმძღვანელი პირების არყოფნას შეეხება. კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კანონდარღვევა არ არის, რადგან მორიგე კომისიის წევრი მუდმივად იმყოფება საარჩევნო უბანზე, ხოლო კომისიის თავმჯდომარეები და მდივნები სპეციალურ ტრენინგს გადიან.
“ამ ეტაპისთვის, 65 საჩივარია შემოსული. აქედან 54 საჩივარი შეეხება ხელმძღვანელი პირების, მოადგილეების, მდივნების არყოფნას უბნებზე. პასუხისმგებელი პირი არის მორიგე კომისიის წევრი, რომელსაც, თავმჯდომარის დავალებით, მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს მორიგეობა და კანონით გათვალისწინებული მოვალეობა… ყველა საჩივარი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში იქნება განხილული, რაც შეეხება ხელმძღვანელი პირების არყოფნას უბნებზე – ეს თემა არის ხელოვნურად შექმნილი ყველა არჩევნებზე. მათ იციან, რომ ეს ადამიანები იმყოფებიან ტრენინგებზე”, – განაცხადა მირანდა მესხიამ.
ბეჟაშვილმა ბრიფინგზე, ასევე, განაცხადა, რომ 85-ე საარჩევნო უბანი, კანონის დარღვევით, ფარეხშია განთავსებული. საოლქო კომისიაში აღნიშნულ ბრალდებასაც უპასუხეს.
“რაც შეეხება ფარეხში განთავსებულ უბანს – ეს ის ტერიტორიაა, რაც თვითმმართველობამ გადმოგვცა. ის დაილუქება, გადაიკეტება ყველა დამატებითი შესასვლელი და ერთ სივრცეში მოხდება ყველა პროცედურა”, – განაცხადა მირანდა მესხიამ.