დავით ბაქრაძე მალხაზ მაჩალიკაშვილზე: რატომ არ დგამს სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს

„თუ ასეთი მძიმე უბედურება აიცილა თავიდან სახელმწიფომ, რატომ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მაჩალიკაშვილმა რაც უნდა ჩაიდინოს, არ ამართლებს სახელმწიფოს მიერ იმ სპეცოპერაციას, რომელსაც მისი შვილის დაღუპვა მოჰყვა.
„ცალსახად მინდა აღვნიშნო – რაც უნდა ჩაიდინოს მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ეს არ ამართლებს სახელმწიფოს იმ სპეცოპერაციის შემთხვევაში, რომელსაც მოჰყვა მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვა. აუცილებელია, ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და პასუხი გაეცეს იმას, რა მოხდა პანკისში. მეორე მხრივ, სრულიად ბუნებრივ კითხვებს აჩენს – თუ ასეთი მძიმე უბედურება აიცილა თავიდან სახელმწიფომ, რატომ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს. ვფიქრობ, ხელისუფლებას მოუწევს ამ საქმეში ძალიან ყურადღებითა და ფრთხილად მოქცევა, რათა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ის მოქმედებს სამართლიანად და კანონის შესაბამისად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.
სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები