მარიამ ჯაში: ქართული სასკოლო სისტემა უნდა გავხადოთ საერთაშორისო სივრცის ნაწილი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მულტინაციონალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციის – SABIS-ის პრეზიდენტს, კარლ ბისტანსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან და ზოგადი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ.
„SABIS-ი დაინტერესებულია, საერთაშორისო სკოლა დააფუძნოს თბილისში. ზოგადად, განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. უმაღლესი განათლების ხარისხის აღიარების თვალსაზრისით, უდიდესი წარმატება არის მიღწეული ENQA-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღებით. ჩვენ, ასევე, სკოლის სისტემაც უნდა გავხადოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილი. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, არის მისასალმებელი”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
SABIS-ი არის გლობალური საგანმანათლებლო ქსელი, რომელსაც 130-წლიანი ისტორია აქვს და 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ორგანიზაციის სკოლებში, მსოფლიოს მასშტაბით, 70 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები