აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის რეგიონული სემინარი გაიმართა

ბათუმში, საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე – „პარლამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება (ტრენინგები) და კომუნიკაცია“.
სემინარის მონაწილე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელორუსის პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და თანამშრომელთა გადამზადების მიმართულებით ლიეტუვასა და ევროპული ქვეყნების გამოცდილებას გაეცნენ.
ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატთან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქსელის მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.
სემინარის დასასრულ, მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მიმართა და საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით შექმნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქსელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა „თბილისის მემორანდუმის” ფარგლებში დაფუძნებულ რეგიონულ  ქსელსა და თანამშრომლობაზე, ამ ფორმატის შექმნის თარიღიდან (2018 წლის 25 სექტემბერი) დღემდე განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და რეგიონალური ქსელის გაძლიერებას მოიცავს.
„ზამთრის აკადემიის” შემდეგ, „თბილისის მემორანდუმის” ფარგლებში მორიგი რეგიონული ღონისძიების წარმატებით ჩატარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქსელის მნიშვნელობასა და „თბილისის მემორანდუმის” ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის განვითარების აქტუალურობას”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
„თბილისის მემორანდუმის” ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების თანამშრომლებისთვის მორიგი ღონისძიების – ზაფხულის აკადემიის გამართვა ივლისის დასაწყისში იგეგმება და პარლამენტის საზედამხედველო კონტროლის ფუნქციების გაძლიერების საკითხებსა და არსებული გამოცდილების გაზიარებას დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები