“საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის გამოცხადება არაფრის მომტანია, გარდა ზიანისა”, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, საქართველო უბლოკო სტატუსით ვერც უსაფრთხო გარემოს მიიღებს და ვერც რუსეთის აგრესიული პოლიტიკა შეჩერდება. სალუქვაძე საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნას გამოეხმაურა.
„ისტორიის გაკვეთილებს არ ვითვალისწინებთ და დასკვნები არ გამოგვაქვს. ეს არაფრის მომტანია ჩვენთვის, გარდა ზიანისა ყველა მიმართულებით. დავიწყოთ საკუთარი ისტორიიდან: საქართველომ 1918 წელს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, რომელიც ცნო რუსეთმა, მათ შორის – დაგვიკმაყოფილა ის ტერიტორიული პრეტენზიები, რაც გაგვაჩნდა. ფაქტობრივად, შევთანხმდით. 3 წლის შემდეგ რუსეთმა საქართველო დაიპყრო. ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ რისი მომტანია რუსეთთან ნეიტრალიტეტი, უბლოკო სტატუსი, მიუმხრობლობა. მოჰყავთ სხვადასხვა მაგალითი ფინეთის, ავსტრიის, შვეიცარიისა და ა.შ. აბსოლუტურად ამოგლეჯილია ისტორიულად ეს ყველაფერი და არ მიესადაგება საქართველოს დღევანდელ რეალობას. საკმაოდ რთულია იმის მიღწევა, რომ შენი ნეიტრალიტეტი, თუ უბლოკო სტატუსი აღიაროს მსოფლიომ. შეგვიძლია, გამოვაცხადოთ უბლოკო სტატუსი და მერე რა ამით? ჩვენ უსაფრთხო გარემოს მივიღებთ და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა შეჩერდება? საოკუპაციო საზღვრებზე აღარავის გაიტაცებენ? ამ კითხვებზე არის პასუხი?
რაც შეეხება იმ ქვეყნების ნეიტრალიტეტს, რომლებმაც თავის დროზე ეს მოიპოვეს. ავიღოთ ფინეთი, შვეიცარია. შვეიცარიაზე მილიტარიზებული სახელმწიფო არ არსებობს. სათითაოდ მოქალაქეებს იარაღი აქვთ სახლში, მთელი სახელმწიფო რეზერვშია. ანუ, შვეიცარია არ აღიქვამს ნეიტრალიტეტს, როგორც ასპროცენტიან უსაფრთხოებას, თორემ რაში სჭირდება მაშინ ასეთი სარეზერვო სისტემა და ასეთი მილიტარიზაცია? ჩვენ მოგვწონს სხვა ქვეყნების მაგალითები, მაგრამ როგორ მივიდნენ ეს ქვეყნები ამ რეალობამდე, არავის აინტერესებს. ერთი მხრივ, ვსაუბრობთ უბლოკო სტატუსზე, თუ მიუმხრობლობაზე, მეორე მხრივ, ვსაუბრობთ თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებაზე მაშინ, როცა ბიუჯეტს კი არ უნდა ვამცირებდეთ ამ დროს, პირიქით ჯარის გაძლიერებაზე უნდა ვფიქრობდეთ“, – განაცხადა სალუქვაძემ.
სალუქვაძე, ასევე, გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვისთვის განკუთვნილი ხარჯები უნდა შემცირდეს. როგორც ცნობილია, პარტია აცხადებს, რომ ნატო-სთვის განკუთვნილი თანხები “საოჯახო ბიზნესების შექმნისკენ” უნდა წარიმართოს, საქართველომ კი სამხედრო მიუმხრობლობა გამოაცხადოს.
„თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯზე რაღაც სხვა მიმართულებების გაძლიერება აბსურდია. რასაც ამბობენ უბლოკო სტატუსზე, ეს ამასთან წინააღმდეგობაში მოდის. თავად საუბრობენ შვეიცარიაზე, ავსტრიაზე, ფინეთზე. გადახედონ ამ ქვეყნების ბიუჯეტს, შეიარაღებულ ძალებსა და ა.შ. ჩვენ თუ უსაფრთხოება გვსურს ჩვენი ქვეყნისა, პირველ ყოვლისა, ფინეთის მსგავსად, მზად უნდა ვიყოთ საომრად. სულ რაღაც ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული იქედან, რა დარტყმა და ზარალი მიაყენა ფინეთმა იმხელა საბჭოთა კავშირს. კისერი მოიტეხა იქ საბჭოთა კავშირმა. ვართ მზად იმისთვის, რომ მთელმა ერმა ვიომოთ? რატომ გვგონია, რომ უბლოკო სტატუსი მოგვიტანს უკეთეს უსაფრთხოების გარემოს? რუსეთმა ბევრჯერ დაგვიმტკიცა, რომ მისი ნდობა არ შეიძლება.
დავუშვათ, ვაცხადებთ უბლოკო სტატუსს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო-სთან ჩვენი ინტეგრაციის მხრივ რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით, ეს ყველაფერი ბათილდება და ოდესმე, წლების შემდეგ როცა მოინდომებ, ნულიდან დაიწყებ ამ ურთიერთობებს. ამას გარდა, მსგავსი საკითხების მოგვარება წყდება, პირველ ყოვლისა, იმ სახელმწიფოსთან, რომლისგანაც უსაფრთხოება გსურს. რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები გვაქვს, რომ თუ უბლოკო სტატუსს გამოვაცხდებთ, მათი მხრიდან რაიმე ნაბიჯები იქნება გადადგმული?
ჩვენ საზოგადოების განმტკიცებასა და გაერთიანებაზე უნდა ვმუშაობდეთ. ვერანაირი სხვა სტატუსი მოგვიტანს იმაზე მეტ უსაფრთხოებას, როგორსაც საზოგადოება იქნება ერთიანი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. სტრატეგიული მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ამას კი თავისი გეგმა, სტრატეგია უნდა ახლდეს. სხვანაირად ვერ მივაღწევთ ვერაფერს. ამ სტრატეგიის შესამუშავებლად მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს. ასევე, აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური სისტემა, ძლიერი სახელისუფლებო სისტემა ყველა განშტოებით, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ძალოვანი სტრუქტურები, მთლიანად თავდაცვის სისტემა. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ ანგარიში გაგვიწიონ“, – განაცხადა სალუქვაძემ.
თამუნა შეყილაძე