მამუკა ბახტაძე: 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამა გაწერილია და თუ მას რომელიმე რგოლი ვერ შეასრულებს, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

“2019-2020 წლის სამთავრობო პროგრამა გაწერილია და თუ რომელიმე რგოლი ამ პროგრამის რომელიმე ნაწილის შესრულებას ვერ შეძლებს, მიღებული იქნება შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „ქრონიკაში” საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ უახლოეს მომავალში, საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.
„მე და ჩემმა გუნდმა, მთავრობის დამტკიცებისას, საქართველოს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამა წარვადგინეთ. ჩვენ გვაქვს გაწერილი ჩვენი პროგრამა 2019-2020 წლებზე. ჩვენი საბიუჯეტო რესურსი ამ ორი წლის განმავლობაში იქნება ჯამურად, დაახლოებით 26-27 მილიარდი ლარი. ბუნებრივია, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ამ რესურსით შევძლებთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა პრობლემის დაძლევას, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, რათა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობები გავაუმჯობესოთ, შევეხიდოთ მათ იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც, სამწუხაროდ, ობიექტურად დღეს საქართველოში გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებაც არის ასეთი, რომ თუ რომელიმე რგოლი ამ პროგრამის შესრულებისას, რომელსაც სჭირდება საკმაოდ სწრაფი ტემპები, მენეჯმენტის ძალიან მაღალი ხარისხი, ვერ შეძლებს რომელიმე ნაწილის შესრულებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ გუნდი და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. მათ შორის, ეს იქნება საკადრო გადაწყვეტილებებიც”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები