გიორგი შენგელია: მალე დაიწყება ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები, სადაც, მინიმუმ, 3000 ადამიანი დასაქმდება
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატის, გიორგი შენგელიას თქმით, მერიაში ადამიანებს ყოველგვარი ჩაწყობისა და ნეპოტიზმის გარეშე დაასაქმებენ. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
„კადრებს შევარჩევთ მხოლოდ ადამიანების განათლებისა და შესაძლებლობების მიხედვით, ნეპოტიზმისა და ჩაწყობის გარეშე“, – განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.
გარდა ამისა, მან ახალგაზრდების სხვადასხვა სექტორში დასაქმებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე სამუშაოებზე სწორედ ადგილობრივები დასაქმდნენ.
„მთავარი არის ის, რომ იყოს სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივა. წელს გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლებიდან. ჩვენ უნდა ვუთხრათ კომპანიებს, რომლებიც სამუშაოებს ახორციელებენ, რომ ადგილობრივები დაასაქმონ. გარდა ამისა, თხილის ინდუსტრიის გადარჩენის სფეროშიც, დაახლოებით, 100 ადამიანი დასაქმდა. ძალიან მალე დაიწყება ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები, სადაც სტაბილურად, მინიმუმ, 3000 ადამიანი იქნება დასაქმებული“, – აღნიშნა შენგელიამ.
კანდიდატმა განმარტა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მეტად უნდა იყოს ორიენტირებული საერთაშორისო დონორების მოძიებაზე და ნაკლებად დამოკიდებული ცენტრალურ მთავრობაზე.