ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით აზომვითი სამუშაოები დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ „კვირას“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, პროექტის ტექნიკური დავალება უკვე მზადაა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობის პროექტის მომზადება დაიწყება.
მიმდინარე სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი – ეკატერინე გალდავა ხობის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქაჯაიასთან და ფონდ “ქართუს” წარმომადგენელთან, ვახტანგ ცაგარელთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში გაკეთდება წყლის ჭაბურღილები და სათავე ნაგებობა, მოეწყობა ახალი ქსელი. პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფლის წყალმომარაგების პრობლემას და ადგილობრივებს სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდებით უზრუნველყოფს“, – აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, 29 მარტს ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ძველ ხიბულაში ჩავიდა. მან ადგილობრივებს ახალი საბავშვო ბაღის აშენების, სოფლის გზების სამუშაოების დაფინანსებისა და ოჯახების გაზითა და წყლით მომარაგების პირობა მისცა.