მლევი-ორბეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრი (ამლევის აგარაკები)-ორბეთის საავტომობილო გზის 9-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.
„არსებული სარეაბილიტაციო მონაკვეთი, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ გრუნტის საფარით არის წამოდგენილი, გზა ძლიერ დაზიანებულია და სავალ ნაწილზე წარმოქმნილია დიდი ზომის ორმოები, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს. არსებული პრობლემის გადასაჭრელად, გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია 9 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა, წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივი შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ასევე, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნისა და საგზაო შემოფარგვლის სამუშაოები“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრი (ამლევის აგარაკები)-ორბეთის გზის რეაბილიტაცია, თეთრიწყაროდან თბილისში მგზავრობის მანძილს დაახლოებით 15 კმ-ით შეამცირებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 200 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის იანვარში დასრულდება.