ზუგდიდში “ნაცმოძრაობას”, იჯარის გადაუხდელობის გამო, ფართის მეპატრონემ ოფისის დაცლა მოსთხოვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა. სახლის მეპატრონემ, თანხის გადაუხდელობის გამო, პარტიას ფართის დაცლა მოსთხოვა.
სახლის მეპატრონის, მარინა ქორთოშვილის თქმით, მას სახლის ქირის სანაცვლოდ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, კობა ნაყოფია თვეში 250 ლარის გადახდას დაჰპირდა, თუმცა, როცა ქირის გადახდის დრო მოვიდა, მხოლოდ ასი ლარი მისცეს და უთხრეს, რომ ზუგდიდის ოფისში ფული ჯერ არ მოუტანიათ. პარტიას იჯარის თანხა 20 აპრილს ჰქონდა გადასახდელი.
“სულ 500 ლარი უნდა მოეცათ. მოვიდნენ და მითხრეს, რომ მხოლოდ 100 ლარი ჰქონდათ. ისიც უკან მივუბრუნე, მერე სანდრას ბანერი იყო სახლის წინ, ის ჩამოხსნეს და წავიდნენ. მითხრეს, რომ პარტიაში ჯერ არაა ფული მოტანილიო. არავისთვის მიუციათ, მხოლოდ ლიდერებს მისცეს ფული”, – აცხადებს მარინა ქორთოშვილი.