საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-13 მაისს გაიმართება

2 მაისს, 12:00 საათზე, საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi, პარტნიორებთან ერთად, პრესკონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართავს.
პრესკონფერენციას ეროვნული კინოცენტრის მხრიდან დაესწრება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – მაკო ჭილაშვილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi, 8-დან 13 მაისის ჩათვლით, მეშვიდედ გაიმართება. წელს ფესტივალს კინოთეატრი „ამირანი“ და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებენ.
CinéDOC-Tbilisi 8 მაისს, 20:00 საათზე, სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმით Honeyland („თაფლის მიწა“) გაიხსნება.
Connecting Thoughts, ანუ „დააკავშირე ფიქრები“, – ამ სლოგანით ფესტივალი კიდევ უფრო უახლოვდება მაყურებელს და თემატურად დაყოფილ სექციებს სთავაზობს: რეჟისორი ფოკუსში (ფრანგი კინორეჟისორი ნიკოლა ფილიბერი), უპირობო სიყვარული, რწმენის მიღმა, წითელი სული, ჩვენ და ჩვენი პლანეტა, ადგილი, რომელსაც ვუწოდებთ სახლს, ოჯახური პორტრეტები, კონფლიქტის შემდეგ, მარად ახალგაზრდა, ცვალებადი ქალაქები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ადაპტაცია.
წლევანდელი ფესტივალის „სტუმარი ქვეყანა“ უნგრეთია, რომელიც გამორჩეული, უახლესი დოკუმენტური ფილმებით იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს: „New Talents Caucasus“ – ახალი ტალანტების წარდგენა კავკასიის რეგიონიდან, Civil Pitch – აკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კინოდოკუმენტალისტებს ერთმანეთთან, CinéDOC Young – ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამაა, Erotic DOX – წლევანდელი ფილმები ქალების ეროტიკულ გამოცდილებაზე მოგვითხობს,- ექვსდღიანი ფესტივალის ფარგლებში 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგება. ფილმების ჩვენებების შემდეგ რეჟისორები, პროდიუსერები, პროტაგონისტები მაყურებელს შეხვდებიან და მათთან კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიას გამართავენ, დაგეგმილია მასტერკლასები და ტრენინგებიც.
CinéDOC-Tbilisi, 13 მაისს, საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი ფილმებიდან გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება. წელს ჟიურის წევრები არიან:
საერთაშორისო კონკურსში: ონდრეი კამენიცკი – ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კინოფესტივალის, One World-ის დირექტორი (ჩეხეთი), მარიამ ჭაჭია – ქართველი კინორეჟისორი (საქართველო), კენან ალიევი – Current Time TV-ს მთავარი რედაქტორი.
Focus Caucasus: პეტრა სელისკარი – პროდიუსერი და კინორეჟისორი (სლოვენია), ჩილა კატო – პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Astra Film Festival (რუმინეთი), ტუე სტინ მულერი – ცნობილი კინოკრიტიკოსი.

საპატიო სტუმრები:
• ცნობილი რუსი რეჟისორი ვიტალი მანსკი;
• Honeyland-ის ოპერატორები: ფეიმი დაუტი და სამირ ლიუმა;
• ფრანგი რეჟისორი ნიკოლა ფილიბერი;
• ფილმის Disappearance of My Mother/ „დედაჩემის გაუჩინარება“ მთავარი გმირი ბენედეტა ბარძინი;
• ძიგა ვერტოვის პირველი დაკარგული ფილმის აღმომჩენი ნიკოლაი იზვოლოვი.

ფესტივალი თბილისში ჩატარების შემდეგ აგრძელებს მუშაობას და საქართველოს და კავკასიის რეგიონებში 120 კინოჩვენების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად მოხდება რეგიონალური კოორდინატორების ტრეინინგი.
ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიცპალიტეტის მერია, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“. ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, Doc Lounge შვედეთი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, უნგრეთის საელჩო თბილისში, მულტიმედია განათლების ცენტრი, კავკასიური სახლი, „ღვინის ბაღი“ მარჯანიშვილზე, სასტუმრო „იბისი“, „ვიზეარი“, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც 2013 წლიდან, კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ (www.biletebi.ge), ისე კინოთეატრ ამირანსა და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები