„ლილიან მორი პასკიე ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების გასარკვევად არ არის ჩამოსული, მისი ვიზიტი ცერემონიული ხასიათისაა“
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე საქართველოში ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების გასარკვევად და საძიებლად არ არის ჩამოსული“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილ შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრები – დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი, თუმცა შეხვედრაზე არც ერთი მივიდა.
„მიზეზს ვერ გეტყვით, რატომ ვერ მოახერხეს შეხვედრაზე ყოფნა. ისინი მოწვეული არიან, ასევე, ოფიციალური ვახშამზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გაიმართება, სადაც იქნებიან როგორც დელეგაციის მოქმედი წევრები, ასევე – ყოფილი წევრები, მათ შორის – გუგული მაღრაძე. რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, როცა ვიზიტს ვგეგმავდით, სტუმარმა მხოლოდ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. სურვილი არ გამოუხატავს ოპოზიცურ პარტიებთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის, რადგან ვიზიტი ცერემონიული ხასიათისაა, გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება. შესაბამისად, მხოლოდ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს ხვდება და სესიაზე სიტყვით გამოდის. ჩამოსული არ არის ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების გასარკვევად და საძიებლად. ვიზიტის დროს სტუმარი თავად წყვეტს, ვისთან უნდა საუბარი. მისი სურვილი იყო, მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვედროდა და არა – სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს, რაც გასაგებია, რადგან ვიზიტის დატვირთვაა ამდაგვარი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.