„საწვავის ბაზარი ისევ ერთ-ერთ ყველაზე დაბალკონკურენტულ ბაზრად რჩება, სადაც მწვავედ დგას ოლიგოპოლიის პრობლემა”

„საწვავის ბაზარი ისევ ერთ-ერთ ყველაზე დაბალკონკურენტულ ბაზრად რჩება, სადაც მწვავედ დგას ოლიგოპოლიის პრობლემა“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს საწვავის ბაზარს ეხება.
კვლევის ავტორი ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბაირახტარია. მან ჟურნალისტებს კვლევის შედეგები მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.
როგორც ბაირახტარი აცხადებს, მართალია, ბაზარზე რამდენიმე ათეული ახალი კომპანიაა შემოსული, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ, რეალურ კონკურენციაში შევიდნენ 5 გიგანტ კომპანიასთან.
„თავის მხრივ, ამ გარემოებას კარგად იყენებენ კარტელში არაერთგზის დადანაშაულებული კომპანიები, რომელთა საფასო პოლიტიკა და ბაზარზე არსებული მდგომარეობა მუდმივად აცდენილია საერთაშორისო ტენდენციებს, ასევე, ის არ ემთხვევა ქვეყანაში მიმდინარე მაკროეკონომიკურ პროცესებს.
არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, რომ კომპანიები ისევ აგრძელებენ ბაზარზე შეთანხმებული ფასებით ოპერირებას, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოსახლეობას და ამძიმებს სოციალურ ფონს. პროცესების მართვას ვერ ახერხებს ვერც კონკურენციის სააგენტოც, რომელიც ამ მიმართულებით მთავარი მაკონტროლებელია. მეტიც, კონკურენციის სააგენტოს ბუნდოვანმა ქმედებამ, რომელიც გამოიხატა კომპანიებისთვის ჯარიმის 18-ჯერ შემცირებაში, მნიშვნელოვნად წაახალისა კომპანიების საეჭვო ქმედებები და ხელი შეუწყო ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს გაღვივებას”,- ნათქვამია კვლევაში.
როგორც კვლევის ავტორი აცხადებს, საქართველოში საწვავზე ფასების მატების ახალი ტალღა 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ დაიწყო და, ჯამურად, ფასები ზრდის მიმართულებით 9-ჯერ დაკორექტირდა.
„თუმცა, მეტად საგულისხმოა, თუ რამდენად ემთხვეოდა ჩვენთან საწვავის გაძვირება ადგილობრივ ეკონომიკურ თუ გლობალურ პროცესებს. საწვავზე ფასების ზრდა საქართველოში მაისის თვეში დაიწყო, ამის მიზეზად კი მსოფლიო ბაზრებზე ნედლი ნავთობის გაძვირება დასახელდა. ამ მომენტისათვის მართლაც ფიქსირდებოდა ნავთობზე ფასების მცირედი მატება. უფრო კონკრეტულად კი, ამ პერიოდში ნედლი WTI ტიპის ნავთობზე ფასი 3 დოლარით გაიზარდა, კომპანიებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფასები საცალო ქსელში დაუყოვნებლივ დაკორექტირებულიყო და საცალო ქსელში ფასები მყისიერად გაიზარდა 3-5 თეთრით. მაგრამ ადგილობრივ ბაზარსა და მსოფლიო ტენდენციებს შორის კიდევ მრავალი და უფრო მასშტაბური შეუსაბამობაც ფიქსირდება. თუ უფრო სიღრმისეულად ჩავშლით მონაცემებს, დავინახავთ, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში ბარელის ფასი 59-61 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამ პერიოდში, საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის (95ოქტ) შეძენა 2.29 ლარად იყო შესაძლებელი, ანუ იმაზე ძვირი ღირდა, ვიდრე – მაისის თვეში, როდესაც ბარელი 70 დოლარზე იყო ასული. ამის შემდეგ, ანუ მაისიდან ივნისამდე, ნავთობზე და, შესაბამისად, პლაცსზე ფასების მატება გაგრძელდა, რაც კიდევ რამდენჯერმე გახდა საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზი. მაგრამ როდესაც მაისის მეორე ნახევრიდან ივნისის მეორე ნახევრამდე, ანუ ზუსტად ერთი თვის განმავლობაში, ნავთობზე ჩვენ გვქონდა ფასზე მკვეთრად დაღმავალი ტრენდი და ბარელის ფასი 64 დოლარამდეც კი დაეცა, ეს ცვლილება უკვე დადებითად არ ასახულა ადგილობრივ ბაზარზე, მეტიც, მსოფლიო ბაზარზე დაღმავალი ტრენდის პარალელურად, ჩვენთან საწვავზე ფასები გაიზარდა კიდეც 3-5 თეთრით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ 3-თვიან მონაკვეთში სტაბილურობით ხასიათდებოდა ეროვნული ვალუტის კურსიც და ერთი დოლარის შეძენა, საშუალოდ, 2.44-2.45 ფარგლებში იყო შესაძლებელი. რაც შეეხება აგვისტოს მდგომარეობას – აგვისტოს პირველ ნახევარში საწვავზე ფასები საქართველოში 2-ჯერ დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით. საწვავის აღნიშნულ გაძვირებას, პრაქტიკულად, არანაირი ეკონომიკური ახსნა აქვს იმდენად, რამდენადაც ივლისის ბოლოდან აგვისტოს მეორე ნახევრამდე ნედლი ნავთობის ფასი 4 დოლარით იყო შემცირებული და, მაშინდელი მდგომარეობით, WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი, თითქმის, 66 დოლარამდე იყო დაცემული. მსოფლიო ბირჟებზე ფასების მკვეთრი ვარდნა უკვე, თითქმის, ორი კვირა, გრძელდებოდა, რამაც ასახვა ჰპოვა იმხანად პლაცსის ფასზეც; თუმცა, ამის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე ფასები გაიზარდა და ამის მიზეზად ეროვნული 11 ვალუტის გაუფასურება დასახელდა. სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ზუსტად ამავე პერიოდში, ერთი კვირის ინტერვალში, ეროვნული ვალუტა 15 პუნქტით გაუფასურდა, მაგრამ ასე მყისიერად ეროვნული ვალუტის ცვლილებით საწვავის ფასი ცვლილება, თითქმის, შეუძლებელია და არ ემორჩილება არანაირ ეკონომიკურ პრინციპებს, რომ არაფერი ვთქვათ 2-კვირიან მონაკვეთზე, რომელშიც ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული და დაღმასვლის პროცესმა სექტემბრის დასაწყისამდე გასტანა. 2018 წლის სექტემბრის მეორე ნახევრიდან ბირჟებზე ნავთობის გაძვირების პროცესი დაიწყო და ამ პროცესმა ოქტომბრის დასაწყისამდე გასტანა. სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასი ნავთობზე და მან WTI-ის ტიპის ნავთობზე 76 დოლარს გადააჭარბა. ამ პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე ფასები კიდევ 2-ჯერ გაიზარდა საწვავზე, რასაც ლარი/დოლარის კურსის ცვლილებამაც შეუწყო ხელი. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტა 3 პუნქტით გაუფასურდა დოლართან მიმართებით. ოქტომბრიდან ბირჟებზე ნავთობის მკვეთრი გაიაფება იწყება. 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრამდე ბარელის ფასი, საშუალოდ, 39%-ით შემცირდა. ამ პროცესების პარალელურად, იანვრის თვეში, თითქმის, 7 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით. აღნიშნული პროცესები და ვადები სავსებით საკმარისია იმისთვის, რათა ნებისმიერმა კომპანიამ მნიშვნელოვნად გადახედოს საკუთარ საფასო პოლიტიკას და მკვეთრად შეამციროს ფასები. თუმცა აღნიშნულ პროცესებს 5 -მა ბრენდულმა კომპანიამ მხოლოდ 7-10-თეთრიანი ფასების შემცირებით უპასუხა. ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობას უფრო ნათლად დავინახავთ, თუ ამავე პერიოდში არაბრენიდრებული და ბრენდირებული კომპანიების საფასო პოლიტიკას, ერთმანეთს შევადარებთ, სხვაობა 0.51 ლარს აღწევს, რაც ერთ ლიტრზე კოლოსალური სხვაობაა. მაგრამ, მეტი სიზუსტისთვის, არსებული მდგომარეობისა და მონაცემების მიხედვით თუ დავთვლით საწვავის ფასს, რომელშიც შედის ერთი ტონა საწვავის ფასი, გაზრდილია აქციზის გადასახადი, დღგ-ს გადასახადი და ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი. (ანუ, ყველა ხარჯი, გარდა საოპერაციო და სატრანსპორტო ხარჯისა) არსებული მონაცემების პირობებში, ერთი ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1.61 ლარს არ აღემატება. ცხადია, ეს მხოლოდ თვითღირებულებაა და კომპანიები ამ ფასს ამატებენ ზემოთხსენებულ ხარჯებსა და მოგების მარჟას, მაგრამ ერთ ლიტრზე 0.90 ლარი სხვაობას ძნელია, ობიექტური და ჯანსაღი ახსნა მოეძებნოს. (ეს არის ყველაზე დაბალფასიან პროდუქტზე დათვლილი სხვაობა, პრემიუმტიპის პროდუქტებზე სხვაობა გაცილებით დიდია)”, – ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება უკანასკნელ ტენდენციებს – კვლევის თანახმად, ბოლო 3 თვეში ადგილობრივ ბაზარზე, საშუალოდ, 10- 12 თეთრით შემცირდა ფასი.
„მიმოვიხილოთ უკანასკნელი ტენდენციები, როდესაც ჩვენთან საწვავის ფასმა პიკს მიაღწია, ანუ გასული წლის მიწურულს მსოფლიოში WTI ნავთობის ფასი, საშუალოდ, 73 $ შეადგენდა. როდესაც ჩვენს ბაზარზე უკანასკნელად დაკორექტირდა საწვავის ფასები შემცირების მიმართულებით, მაშინ იმავე ტიპის ნავთობის საშუალო ფასი 58$ შეადგენდა. ანუ ფასები ნავთობზე დაეცა 20.5 % -ით, ხოლო ჩვენთან, ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა მხოლოდ 5% -ით. დაკვირვებული თვალი აქვე შენიშნავს, რომ ეს ნედლი ნავთობის შედარებაა უკვე მზა საწვავთან და, ასეთ შემთხვევაში, მცირედი განსხვავება დასაშვებია. მაგრამ რა უყოთ იმ გარემოებას, რომ 20%-იანი სხვაობა მცირედი არ არის ?! თუმცა ეს არაფერი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თუ გასული წლის ნოემბრის გაცვლით კურსს ვნახავთ, ანუ იმ პერიოდის, რომელზეც ზემოთ ვისაუბრებთ, დავინახავთ, რომ ეროვნული ვალუტა საკმაო არასტაბილურობით გამოირჩეოდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.75 ლარსაც კი გადასცდა, რასაც ვერ ვიტყვით ბოლო თვეების მონაცემებზე. ბოლო რამდენიმე თვეა, ეროვნული ვალუტა სტაბილურობით ხასიათდება. ზემოთ ხსენებულ გათვლებს ძალიან კარგად ასახავს კომპანიების საფასო პოლიტიკა სახელმწიფო ტენდერებში. მაგალითად, მარტის თვის მონაცემებით, თუ კომპანია „რომპეტროლში“ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, პრემიუმის ტიპის საწვავს, 2.42 ლარად ვყიდულობთ, იმავე ტიპის საწვავში სახელმწიფო მხოლოდ 1.93 ლარს იხდის, ანუ 49 თეთრით უფრო ნაკლებს, ვიდრე – ხალხი. სკეპტიკოსები აქ აუცილებლად მოიშველიებენ იმ „რკინის“ არგუმენტს, რომ საბითუმო შესყიდვებისას კომპანიას შეუძლია, უფრო დაბალი ფასი შესთავაზოს კლიენტს პროდუქტზე, მაგრამ კომპანია წაგებაზე საწვავს ვერცერთ შემთხვევაში გაყიდის”, – ნათქვამია კვლევაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები