არიე ბარ დრომას კამერული მუსიკის საღამო გაიმართება
23 აპრილს, 19:30 საათზე, ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის მცირე დარბაზი არიე ბარ დრომას კამერული მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეა მუქერიამ აცნობა, კონცერტში მონაწილეობს – თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა” და სოლისტები: გულნარა გეხტ – ბარ დრომა (ფლეიტა) და არიე ბარ დრომა (ალტი).
კონცერტზე შესრულდება არიე ბარ დრომას სამი დიდი ფორმის ნაწარმოები: სიუიტა ძველებურ სტილში (ფლეიტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის); მელოდიური შთაგონება (სიმებიანი ორკესტრისათვის); პრელუდია და რონდო (ფლეიტის, ალტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის).
„არიე ბარ დრომას, როგორც ალტისტს ქართველი მსმენელი უკვე კარგად იცნობს. იგი, 2015 წელს სტუმრობდა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „შემოდგომის თბილისი“. რაც შეეხება მის საკომპოზიციო შემოქმედებას, უნდა აღვნიშნოთ, რომ მასში იკვეთება ძველებური მუსიკისადმი დიდი ინტერესი, ხშირად მელოდიური მონახაზით ციტირებს რენესანსისა და ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან, თავად ნაწარმოებების სახელებიც კი მიგვითითებს ამაზე. ძველისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზი, რომელსაც კომპოზიტორი თავისი ხედვით გადმოგვცემს, ერთობ ორიგინალურს და საინტერესოს ხდის მის მუსიკას, რომელშიც ერდროულად ისმის ძველებური ჰარმონიული ჰანგები და თანამედროვე მუსიკისთვის დამახასიათებელი დისონანსები, რაშიც თავად დარწმუნდებით 23 აპრილის კონცერტზე.
არიე ბარ დრომა თბილისშია და პირველი რეპეტიცია „საქართველოს სინფონიეტასთან“ უკვე შედგა. კომპოზიტორი ძალიან კმაყოფილია ორკესტრის მუშაობით, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია ცოცხალ კომპოზიტორთან თანამშრომლობისას. ბატონ არიეს თან ახლავს მისი მეუღლე, ფლეიტისტი გულნარა გეხტი, რომელიც 23 აპრილს მასთან ერთად სოლისტის რანგში წარდგება აუდიტორიის წინაშე. მუსიკოსები მოუთმენლად ელიან ქართველ მსმენელთან შეხვედრას“, – აღნიშნა თეა მუქერიამ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია დარბაზის სალაროში და ვებგვერდზე: www.biletebi.ge.