შოთა გულბანი: თუ უარს ვიტყვით ენერგოობიექტების მშენებლობაზე, წარმოუდგენელი იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღება

0

“თუ ჩვენ აბსოლუტურად უარს ვიტყვით ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე, თითქმის წარმოუდგენელი იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღება”, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
შოთა გულბანი პანკისში გუშინ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.
“ჩვენ უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ჯერ კიდევ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით – ანუ, გვაქვს განვითარებადი ტიპის ეკონომიკა, რომლისთვისაც დამახასიათებელია უამრავი გამოწვევა ბევრი მიმართულებით; მათ შორის, ეს არის ადამიანური განვითარების, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ უამრავი ობიექტია ინფრასტრუქტურულად გაუმართავი, ანუ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევაა. ამ პროცესში ხელისუფლების როლი ძალიან დიდია. ნებისმიერი ხელისფლების მთავარი ამოცანა და მიზანია, რომ ქვეყანაში არსებული სიღარიბე აღმოფხვრას, განავითაროს ინფრასტრუქტურის მაჩვენებელი და დაეხმაროს ბიზნესმენებს განვითარებაში. ამ მიზნის მიღწევაში მისი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ბიზნესების ხელშეწყობა. ეკონომიკური სიძლიერე რაში მდგომარეობას – ეს არის ბევრი წარმატებული ბიზნესების ერთობლიობა, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკის სიძლიერე. შესაბამისად, რას აკეთებს ამ პროცესში ხელისუფლება – ქმნის სასურველ გარემოს ბიზნესისთვის, რომ, რაც შეიძლება, ბევრმა ინვესტორმა მოინდომოს ამ ქვეყანაში ფულის შემოატანა, მათ შორის – უცხოელმაც, ადგილობრივმაც გარკვეული პირობების შესრულებით, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით, რომ ამ ადამიანებმა იფუნქციონირონ“, – განაცხადა გულბანმა.
მისივე თქმით, ამ პროცესებში თითქმის წარმოუდგენელია ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება გამართულად ფუნქციონირებადი ენერგეტიკული სექტორის გარეშე.
„თუ ჩვენ აბსოლუტურად უარს ვიტყვით ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე, თითქმის წარმოუდგენელი იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღება. არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპიც კი, მეტწილად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, როცა ადამიანები დადგებიან იმ რეალობის წინაშე, რომ გრაფიკით მიეწოდებოდეთ ელექტროენერგია იმის გამო, რომ არასაკმარისი გამომუშავებაა გავხდეთ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. მიუხედავად ამხელა ენერგორესურსებისა, ჩვენ ვხედავთ იმ პრობლემებს, რაც დავინახეთ გუშინ“, – განაცხადა გულბანმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით მცირე ჰესების მშენებლობა განახორციელოს. როგორც გულბანმა აღნიშნა, მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა არსებობს.
„როცა ასეთი ესკალაცია ხდება, მაშინ გამოჩნდება ხოლმე მთავარი მიზეზები, გარემოებები. მაშინ ამბობს ყველა, რომ, თურმე, კომუნიკაციის პრობლემა ყოფილა. კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არსებობს. ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბენეფიტებს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის – დასაქმების მიამრტულებით და გადასახადების მობილიზების კუთხით ახმეტის მუნიციპალილტეტში. მე ვფიქრობ, რომ არა თუ ახმეტის მუნიციპალიტეტში, არამედ თავად ადგილობრივი თემის გარკვეულ ბიუჯეტში უნდა დარჩეს ეს დამატებითი თანხა, რომელსაც გადასახადის სახით გადაიხდის. სწორი ნაბიჯი იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან, შეპირებოდნენ, რომ არათუ ახმეტის ბიუჯეტში, არამედ თქვენი ადგილობრივი ბიუჯეტი შეიქმნება და თქვენვე ისარგებლებთ გარდა იმისა, რომ დასაქმდებით და ინფრასტრუქტურა განვითარდებაო. მთლიანობაში, უნდა გამოინახოს ბალანსი. ეს გულისხმობს გარემოზე ზემოქმედებას, ეკონომიკასა და მოსახლეობას შორის მაქსიმალურად ინტერესების გათვალისწინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესების წინ წაწევა, ვხედავთ, რომ ჭიანურდება“, – განაცხადა გულბანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი