ირაკლი ქადაგიშვილი: ჰესი საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის და უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია

0

„ხადორი“ ჰესი ენერგეტიკული მდგრადობისთვის და უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – ამის შესახებ კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პანკისის ხეობაში მცირე ჰესის – „ხადორი-3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისას განაცხადა.
გუბერნატორის განმარტებით, ეს არის ჰესი, რომელსაც არანაირი არსებით ზეგავლენა ბუნებაზე არ გააჩნია, არაფერს აფუჭებს. მისივე თქმით, მოსახლეობას არაერთხელ განემარტა, თუ რა სარგებელი ექნებოდა პანკისის ხეობის მოსახლეობას ჰესის აშენების შემთხვევაში.
„უნდა ითქვას, რომ ბოლო წელიწადნახევარის განმავლობაში, ძალიან ბევრი შეხვედრა ჩატარდა. ბოლო ათი დღის განმავლობაში, ორჯერ იყო ძალიან ფართო შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ, რომელშიც მეც ვიყავი ჩართული. ყველანაირი ახსნა-განმარტება იქნა მიღებული მოსახლეობის მიმართ, დაინეტერესებული პირების მიმართ. ეს არის ჰესი, რომელსაც არანაირი არსებით ზეგავლენა ბუნებაზე არ გააჩნია, არაფერს არ აფუჭებს. ჰესი ენერგეტიკული მდგრადობისთვის და უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამასთან, მოსახლეობას ასევე მრავალგზის განემარტა, რა პირდაპირი სარგებელი ექნებოდა მუნიციპალიტეტს, რეგიონს, უშუალოდ პანკისის ხეობის მოსახლეობას მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, როგორ იზრუნებდა კომპანია, ზოგადად სახელმწიფო. ასე რომ, მთლიანობაში, ძირითადა,დ მოსახლეობა იყო თანახმა“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
გუბერნატორი იმ ჯგუფის შესახებ საუბრობს, რომელიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება.
„რეალური მიზეზი მათ ვერ მოჰყავთ, გარდა აკვიატებული აზრისა და იმ ყოველგვარ ზღვარს გადასული დაპირისპირებისა და წაქეზებისა, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ. ეს არის დაუშვებელი, სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მათი ქმედება ასევე დაუშვებელია პანკისის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის – „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. ცნობისათვის, აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.
ჰესის მშენებლობას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. დღეს, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებისას, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში, დაპირისპირების შედეგად, სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.
პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი