დავით კეზერაშვილის პროცესი საფრანგეთში დღეს განახლდება

   საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი საფრანგეთში დღეს განახლდება. პროცესზე კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ. ადვოკატის განცხადებით, ფრანგულმა სასამართლომ, შესაძლოა, კეზერაშვილის გირაოთი გათავისუფლების საკითხზეც იმსჯელოს. პროცესი თბილისის დროით, 17:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი ესწრება. სასამართლო პროცესზე ასევე იმყოფებიან იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თეა ბურჯალიანი და კეზერაშვილის მეუღლე.
თბილისის საქალაქო სასამართლო კი ტელეკომპანია “იმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდებზე პროცესს 21 თებერვალს განაახლებს. აღნიშნულ ეპიზოდებში, დავით კეზერაშვილთან ერთად, ბრალი გიგი უგულავასაც აქვს წაყენებული. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამ დრომდე მარსელის წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული. ის საფრანგეთში 2013 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები