ლაშა იორდანიშვილი : „ფერის“ კარგად იცნობენ ახმეტაში და მათ უკვე აქვთ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები ხეობაში

0

პანკისის ხეობაში მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თემას კომპანია „ფერის“ დირექტორი ეხმაურება. ლაშა იორდანიშვილის განცხადებით, „ფერის“ კარგად იცნობენ ახმეტაში და მათ პანკისის ხეობაში უკვე აქვთ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები.
მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც დღეს დაიწყო, 5,4 მგვტ-ი სიმძლავრისაა და ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია. აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანია „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობასაც გეგმავს. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს.ჰეს
ები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია.
ლაშა იორდანიშვილის ინფორმაციით, ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ადგილობრივ ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლეც.
კომპანია „ფერის“ დირექტორი ადასტურებს, რომ უახლოეს პერიოდში, ჰიდროელექტორო სადგურების მშენებელი კომპანიები ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ .
მემორანდუმის პროექტის თანახმად, ხეობისა და ჰესის მიმდებარედ განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალური პროექტები განხორციელდება. კერძოდ, პანკისის ხეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. კომპანია „ფერი“ ასევე იღებს ვალდებულებას, გადაიტანოს არსებული 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი – ბირკიანი (ჰესის შენობიდან) დუისის მონაკვეთზე. აღნიშნული ხაზების გადატანის გამო, მოჭრილი გარკვეული რაოდენობის ხე-ტყე უსასყიდლოდ გადაეცემა ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას.
კომპანია, სახელმწიფოსთან ერთად, მოაწესრიგებს ომალო-დუმასტურის სასმელი წყლის სისტემას. ძიბახევის და ბირკიანის მოსახლეობას სპეციალურად შექმნილ ფონდში შეუტანს მოხმარებული დენის ადეკვატურ ღირებულებას (2018 წლის მოხმარების შესაბამისად). ძიბახევი-ბირკიანის ტერიტორიაზე, ალაზნის მიმდებარედ, მოაწყობს მარტივ, უსაფრთხო საბანაო ადგილს. ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა შეუზღუდავად გამოაყენებინებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებს (სათავე ნაგებობების, ჰესის შენობებისა და მილსადენის თავზე სათხრელი სამუშაო ადგილების გარდა). იმ შემთხვევაში, თუ ჰესის მიერ მოხმარებული წყლის გამო, სოფელ ბირკიანს შეექმნება წყლის პრობლემა, კომპანია დაუყოვნებლივ აღმოფხვრის მას. ასევე, გარემონტდება სოფელ დუისის სასმელი წყლის რეზერვუარი.
მთავრობა, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ააშენებს ბირკიანი-ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს. კომპანია, ყოველწლიურად, ახლადშექმნილ პანკისის ხეობის ფონდში შეიტანს 120 ათას ლარს. ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაირიცხება ერთ მილიონ ლარზე მეტი, რაც ისევ რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი