ლევან ვეფხვაძე: მცირე ჰესების მავნებლობაზე მოსახლეობაში არასწორი ინფორმაციის გავრცელება ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესში შედის

0

“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ (GIEC) გენერალური დირექტორი ლევან ვეფხვაძე “ხადორი-3”-ის მშენებლობის დაწყების გამო, ადგილობრივების პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც ვეფხვაძემ “კვირასთან” განაცხადა, საუბარია ე.წ. მცირე ჰესზე, რომელსაც გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის არანაირი მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება არ შეუძლია. ვეფხვაძის აზრით, გარკვეული ძალები ჰესებთან დაკავშირებით, რეგიონებში დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ.
“საუბარია მცირე ჰესზე, რომელსაც გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის არანაირი მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება არ შეუძლია. ენერგეტიკული ობიექტები და ინფრასტრუქტურა – ეს არის აუცილებელი ნაწილი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა. თავის მხრივ, ენერგეტიკული უსაფრთხოება საფუძველი და ფუნდამენტია ქვეყნის უსაფრთხოებისა, იმიტომ, რომ ამაზე დგას დღეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგადად, ჩვენი ხვალინდელი დღე.
შესაბამისად, ჩემი პოზიცია ასეთია: კონკრეტულად არა მარტო პანკისში, არამედ რეგიონებშიც შეგნებულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ჰესების გავლენაზე და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომელთაც არ სურთ, რომ ენერგეტიკულად განვვითარდეთ. ეს მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შეიძლება იყოს- ვაჯერებდეთ რეგიონებში ადამიანებს, თითქოს მცირე ჰესები ხვალ და ზეგ მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს მათ საცხოვრის გარემოზე. ჩვენი მტრების მიზანია, რელიგიური, ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და გაჩნდეს უზარმაზარი ბზარი, რისი მცდელობაც მე დღეს დავინახე.
მე ვფიქრობ უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რათა კარგად ავუხსნათ მოსახლეობას, რომ არ შეიძლება ამ ტიპის ჰესებს რაიმე ტიპის ზეგავლენა ჰქონდეს გარემოზე. ჩვენ გვაქვს ჰესები, მათ შორის, მცირე ჰესები და რაიმე ტიპის სერიოზული ზიანის მოტანა რომ შეეძლოს, პირველი მე ვიქნებოდი ამის წინააღმდეგი.
ამასთან, ბოლო პერიოდში, ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველა ის სახელმძღვანელო სტანდარტი და ნორმა, რომელიც შეეხება ადამიანების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, გარემოს და ასე შემდეგ, იყოს სათანადოდ გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ ვამბობ: მხოლოდ და მხოლოდ ჭორებზეა დაფუძნებული ამ ადამიანების ემოცია”,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსნებთ, რომ დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში კომპანიებმა “ალაზანი ენერჯი”-მ და “ფერი”-მ მცირე ჰესის – “ხადორი – 3″-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება და მისი წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ იქნება. აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანია „სამყურაწყალი 2” -ის ჰესის მშენებლობასაც გეგმავს. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია.
პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დღეს დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი