დუისის საჯარო სკოლის დირექტორი: ეს არ არის პროტესტის ცივილური ფორმა, არც იციან, რას აპროტესტებენ

0

დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური პანკისის ხეობაში “ალაზანი ენერჯის” და “ფერის” მიერ მცირე ჰესის – “ხადორი-3”-ის მშენებლობის დაწყების გამო, ადგილობრივების პროტესტს არაცივილურს და მიუღებელს უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობა სჭირდება და მოსახლეობამ სახელმწიფო ინტერესები უნდა გაითვალისწინოს.
“დიდი ხანია, ეს საკითხი დგას. ქვეყნის პირველმა პირებმა, მინისტრებმა აგვიხსნეს, რომ ჰესის მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. ვფიქრობ, მოსახლეობამ სახელმწიფო ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. დღეს იქ არის შეკრებილი ბრბო, ეს არ არის პროტესტის ცივილური ფორმა. მათ თვითონაც არ იციან, რას აპროტესტებენ, გამოკვეთილი კონკრეტული მიზეზი არ აქვთ, უბრალოდ, გაიძახიან – “ჩვენ ჰესები არ გვინდა” და ასე არ ხდება”, – განაცხადა ლილი სვიაკაურმა.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში კომპანიებმა “ალაზანი ენერჯი”-მ და “ფერი”-მ მცირე ჰესის – “ხადორი – 3″-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება და მისი წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ იქნება. აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანია „სამყურაწყალი 2” -ის ჰესის მშენებლობასაც გეგმავს. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს.
ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია.
პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დღეს დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი