სოფელ დუისის ერთ-ერთი მკვიდრი ჰესების მშენებლობაზე: ახალგაზრდები ადგილზე დასაქმდებიან, შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ ოჯახებს

0

სოფელ დუისის ერთ-ერთი მკვიდრი შორენა ხანგოშვილი აცხადებს, რომ თავის დროზე, ჰესებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრისას, ინვესტორი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პანკისის ხეობის განვითარების ხელშემწყობი მთელი რიგი პირობების პაკეტი, რაც მოსახლეობის უმეტესობისთვის მისაღები აღმოჩნდა.
როგორც შორენა ხანგოშვილმა “კვირას” განუცხადა, ხეობაში ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობა რჩება, აღნიშნული პროექტების განხორციელების შემთხვევაში კი ჩნდება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა, ახალგაზრდები ადგილზე დასაქმდნენ.
“მე, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, რამდენიმე შეხვედრას დავესწარი, რომელშიც კომპანიის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ინვესტორის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პანკისის ხეობის განვითარების ხელშემწყობი მთელი პირობების პაკეტი, რომელიც შეხვედრაზე მყოფი ადგილობრივების ძირითადი ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდა. მაგალითად, ჩვენ მივიღეთ მაღალი ძაბვის სადენების გადატანის, წყალმომარაგების მოწესრიგების, განათლების ხელშეწყობის პირობა. ეს ის საკითხებია, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში,მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის თანახმად, ​ ადგილზე უნდა შეიქმნეს ისეთი ობიექტები, სადაც ძირითადად, დასაქმდებიან ადგილობრივები. ხეობაში უმუშევრობა ძირითად პრობლემად რჩება, მოსახლეობის გადინება არის საკმაოდ მაღალი, ახალგაზრდების უმეტესობა უკვე წასულია. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მისაღებია, რომ ადგილზე დასაქმდნენ ისინი. შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ ოჯახებს.
ძალიან განვიცდი დღეს განვითარებულ მოვლენებს, იმედია ყველაფერი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დასრულდება”, -განაცხადა შორენა ხანგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში „ალაზანი ენერჯიმ” და „ფერიმ” “ხადორი-3-ის” მშენებლობა დღეს დაიწყეს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.
პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დღეს დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი