„დავით გარეჯი: მულტიდისციპლინარული კვლევა და განვითარების სტრატეგია“ – საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

 18, 19 და 20 აპრილს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „დავით გარეჯი: მულტიდისციპლინარული კვლევა და განვითარების სტრატეგია“ იმართება.
3-დღიან ფორუმს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი „არტჰოუსი“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობენ, სადაც პანევროპული ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრას“ გენერალური მდივანი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩი, ვიცე-პრეზიდენტი პიტ ჯასპაერტი და ევროპის საინვისტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტები საქართველოს მხარეს დავით გარეჯში ნოემბერში განხორციელებული მისიის ანგარიშს წარუდგენენ.
სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელიც სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით შემუშავებულ რეკომენდაციებს მოიცავს, სამომავლოდ დავით გარეჯის როგორც „ღია ცის ქვეშ მუზეუმის“ შექმნის კონცეფციასაც წარმოადგენს.
კონფერენციის მიზანია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მრავალდარგობრივი კვლევების ხელშეწყობა, კომპლექსის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის წინაშე მდგარი პრობლემების საერთაშორისო დონეზე წამოწევა და გადაჭრის გზების ძიება. კონფერენციის ფორმატში დავით-გარეჯის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობის პროცესი ფართო სამეცნიერო წრეებს გააერთიანებს, სადაც ქართველ და აზერბაიჯანელ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ იერუსალიმის ჰიბრუს უნივერსიტეტის პროფესორი ჯოზეფ პატრიხი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ვერონიკა კალასი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი სოლტესი, გარემოს დაცვისა და კვლევის იტალიური ინსტიტუტის წარმომადგენლები.
საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს – საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.
სამონასტრო კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისა და მისი სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის გზების შესამუშავებლად „ევროპა ნოსტრას“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის სპეციალური ჯგუფი საქართველოს 2018 წლის ნოემბერში სტუმრობდა.
4-დღიანი მისიის ფარგლებში „ევროპა ნოსტრას“ ვიცე-პრეზიდენტმა პიტ ჯასპაერტმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტმა კამბელ ტომსონმა და „ევროპა ნოსტრას“ კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო საბჭოს წევრმა გაიანე კასნატმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე (იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ლავრა, უდაბნოს მონასტერი, დოდორქა, საბერეები) პრაქტიკული სამუშაოები განახორციელეს.
სამუშაო ჯგუფისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეული დარგის საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებით განისაზღვრა ძეგლის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი მეთოდოლოგიაც.
2018 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებითა და ინიციატივით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი „ევროპა ნოსტრას“ პროგრამის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ფინალურ ნუსხაში მოხვდა, რაც ქართული კულტურის უნიკალური ძეგლისთვის ევროპული ორგანიზაციების მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საერთაშორისო საექსპერტო რეკომენდაციებისა და საგრანტო ფინანსური რესურსის მოძიებას ითვალისწინებდა.
დავით გარეჯი, როგორც გამორჩეული მნიშვნელობისა და კულტურული ღირებულების ძეგლი ევროპული ორგანიზაციების მიერ მის წინაშე მდგარი დაზიანებების გარდაუვალი საფრთხის საფუძველზე შეირჩა. ძეგლის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები