კახა კალაძე: 2021 წლის 1-ელი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება

“2021 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში ის, რომ მარჯვენასაჭიანი „ბ“ კატეგორიის ტაქსები აიკრძალება. მათ აქვს წელიწად-ნახევარი იმისთვის, რომ ავტომობილები ჩაანაცვლონ”, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
​როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე საინიციატივო ჯგუფის აზრი და მოთხოვნა გათვალისწინებულია.
„საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება. მეორე თხოვნა მათი მხრიდან ეხებოდა მარჯვენასაჭიან მანქანებს. მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც მათ ჰქონდათ, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მომზადებულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები, მომხდარიყო ამ ავტომობილების ჩანაცვლება და გვთხოვეს, რომ „ბ“ კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები იყოს დაშვებული. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ ეს დროში ჩავკეტოთ. 2021 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში ის, რომ მარჯვენასაჭიანები აიკრძალება „ბ“ კატეგორიაში. მათ აქვს წელიწად-ნახევარი იმისთვის, რომ მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება. ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გადადგმულია, რადგან კარგად გვესმის ამ ადამიანებისა და, ზოგადად, არსებული მდგომარეობა და ვაძლევთ შესაძლებლობას, ჩაანაცვლონ ავტომობილები და 2021 წლიდან უკვე მარცხენასაჭიანი ავტომობილებით გააგრძელონ საქმიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში კიდევ არაერთი სიახლის დანერგვას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები