„აბესალომი – ზურაბ ანჯაფარიძე“ – ხსოვნის საღამო გაიმართება
17 აპრილს, 18 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში, საღამო – „აბესალომი – ზურაბ ანჯაფარიძე“ გაიმართება, რომელიც მიეძღვნება ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატის ზურაბ ანჯაფარიძის ხსოვნას.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, 2019 წელს ზაქარია ფალიაშვილის ოპერას „აბესალომ და ეთერს“ პრემიერიდან 100 წელი შეუსრულდა. ეს წელი ეძღვნება იმ ადამიანებსაც, რომლებმაც წლების მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ ოპერის უკვდავყოფაში.
ღონისძიებას უმასპინძლებს ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ელდარ გეწაძე.
აჟღერდება ჩანაწერები ზურაბ ანჯაფარიძის შესრულებით. კოლეგები, მეგობრები და თაყვანისმცემლები გაიხსენებენ მის შემოქმედებასა და ცხოვრებისეულ ეპიზოდებს.
დასწრება თავისუფალია
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.