,,შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“ – სემინარი გაიმართება
18 აპრილს, 11:00 საათზე, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო ,,ინტურისტ პალასში“, გაიმართება II საერთაშორისო სემინარი თემაზე – ,,შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სემინარზე წარმოდგენილი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული კვლევის შედეგები.
სემინარში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.
ღონისძიება დასრულდება გამოფენით (16:00 სთ), სადაც ბათუმის საზოგადოება პირველად იხილავს აფხაზეთის კულტურული ძეგლების თემატიკაზე შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბათუმელი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი აჭარაში არსებული ძეგლების ფერწერული ტილოები.
მოეწყობა ეთნოკუთხე, სადაც მომზადდება ტრადიციული აჭარული კერძი ,,ბორანო’’, რომლის მომზადების წესსა და ტრადიციას წელს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.