მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. 11:00-19:00 საათამდე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ და შიდა ეზოში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ოცამდე ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი ამ დღეს წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შესთავაზებს მკითხველს.
მთელი დღის განმავლობაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შიდა ეზოში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, ახალი გამოცემების წარდგინებები და, ზოგადად, წიგნთან, განათლებასთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობები.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და უკვე 15 წელია “იუნესკოს” საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში.
2003 წლიდან კი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა.