კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება
17 აპრილს, 19:30 საათზე, ჯ. კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ და სოლისტები – სანდრინე კანტორეჯი (ლუქსემბურგი, ვიოლინო) და ბრუნო კანინო (იტალია, ფორტეპიანო).
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შესრულდება ფ. მენდელსონის კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის და სიმფონია N9 „შვეიცარული“.
„მედიამ სანდრინე კანტორეჯის შესრულებას „მეფეების სიმღერა“ უწოდა. მას ფართო რეპერტუარი აქვს, დაწყებული ბაროკოს ეპოქიდან თანამედროვე მუსიკის ჩათვლით და აქტიურად მოღვაწეობს როგორც სოლისტი და კამერული მუსიკის შემსრულებელი. სანდრინეს უთანამშრომლია ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არან: იეჰუდი მენუჰინი, ვლადიმირ სპივაკოვი, იური ბაშმეტი, ჟორჟ ოქტორი, იან შტულენი, სტეფან დენევი, მარკ სტრინგერი, დორიან უილსონი და სხვა. მონაწილეობა მიუღია მსოფლიოში აღიარებულ ფესტივალებში საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში.
2009 წელს, მისმა უდიდებულესობა ლუქსემბურგის დიდმა ჰერცოგმა – ანრიმ მას „რაინდის“ წოდება მიანიჭა მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში. ხოლო ლუქსემბურგის საერთაშორისო ბანკმა მევიოლინეს მისი ღირსეული მოღვაწეობისათვის ჯ. ბ. გვადანინის, 1754 წლის უნიკალური ვიოლინო გადასცა.
ბრუნო კანინო, იტალიელი კომპოზიტორი და პიანისტი ცნობილია როგორც კამერული და სოლო ფორტეპიანოსათვის შექმნილი თანამედროვე მუსიკის უბადლო შემსრულებელი. ფორტეპიანოზე დაკვრა მან თავის მშობლიურ ქალაქ ნეაპოლში დაიწყო, სადაც მისი პედაგოგი ვინჩენცო ვიტალე გახლდათ. შემდეგ კი სწავლა საფორტეპიანო და საკომპოზიციო ფაკულტეტზე მილანის კონსერვატორიაში განაგრძო. ბრუნო კანინო არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მაგალითად პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ბოლცანოში (1956, 1958), დარმშტადში (1960) და სხვა. მას უთანამშრომლია მსოფლიოს ისეთ აღიარებულ მუსიკოსებთან, როგორიც არის იცხაკ პერლმანი, ლინ ჰარელი, სალვატორე აკარდო, უტო უგი და სხვა მრავალი. სპეციალურად მისთვის, არაერთ კომპოზიტორს აქვს შექმნილი ნაწარმოები, მათ შორის არიან: ბერიო, დონატონი, კაგელი, ლიბერმანი და სხვა. ბრუნო კანინო ფორტეპიანოს კლასს ხელმძღვანელობს მილანის კონსერვატორიაში და ასევე მართავს მასტერკლასებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იგი Biennale di Venezia-ს მუსიკალური დირეტორი და წიგნის – „Vademecum for a Chamber Pianist“ ავტორი გახლავთ“, – აღნიშნავს „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეა მუქერია.
ბრუნო კანინო, როგორც სოლისტი და კამერული მუსიკის შემსრულებელი, კონცერტებს ევროპის, იაპონიის, ავსტრალიისა და აშშ-ს საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში მართავს, 17 აპრილს კი თბილისში, ჯ.კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში ქართველ მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა მოისმინოს მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავი.
ბილეთები იყიდება როგორც ცენტრის სალაროში, ასევე ელექტრონულად: https://bit.ly/2sQm2e7