სალომე ზურაბიშვილი: არაფერს დავიშურებთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო ენა

სალომე ზურაბიშვილი, ,,დედაენის დღის” აღსანიშნავად, ახალქალაქში ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის მოსწავლეების მიერ გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტი, დღესვე, ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ასევე, ,,დედაენის დღესთან” დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.

„ბავშვობაში ქართულ ენას მეც ამ ,,დედა ენით” ვსწავლობდი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ,,დედა ენა” უბრუნდება სკოლებს. ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული ენა. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მაქვს პასუხისმგებლობა ენის გავრცელებაზე, ენის პოპულარიზაციასა და სწავლაზე. რატომ არის საჭირო, სახელმწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? ენა არის მთავარი კარი, კარი ურთიერთობების. თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, თუ გვინდა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ, ეს ყველაფერი გადის ენის ცოდნაზე, რომელიც  სახელმწიფო ენაა“, – განაცხადა სალომე  ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა,  სიტყვით გამოსვლისას, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

“ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ყოფილიყო შესაძლებელი ყველასთვის და არა ისე, როგორც აკრძალული იყო წინა კონსტიტუციით. ეს ცვლილება შემოვიდა კონსტიტუციაში და დღეს უკვე ყველას აქვს უფლება, დაიბრუნოს, აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამისთვის საჭირო არის, რომ ორი მხარე იყოს და მეორე მხარემ ნაბიჯი უნდა გადადგათ. ეს ნაბიჯი არის ამ ენის სწავლა, იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს არის სიმბოლური, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ საქართველოს სრული მოქალაქეები, ყველა უფლებით და თქვენც გაქვთ სურვილი. მაშინ არის სახელმწიფო ძლიერი, როცა ყველა მის მოქალაქეს სურს, რომ იყოს სრულყოფილი წევრი, გრძნობს თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ. ჩვენ და სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო ენა. აუცილებელია, რომ აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი. ვიცი , რომ ეს თქვენც გინდათ და ჩვენც გვინდა. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, როცა აქ ჩამოვალ, ეს აღარ იქნება სურვილი, ეს იქნება განხორციელებული“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები