„ვისგან ან რისგან უნდა დაიცვან საქართველო? ერთი და იგივე მდინარეში მეორედ აღარ შედიან“

„ვისგან ან რისგან უნდა დაიცვან საქართველო? ერთი და იგივე მდინარეში მეორედ აღარ შედიან“, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ფილარმონიაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრება.
ცნობისათვის, დღევანდელ შეხვედრას დეპუტატი არ ესწრებოდა.
როგორც „კვირას“ დავით ჭიჭინაძემ განუცხადა, მან დავით მაღრაძის ორგანიზებულ ახალ მოძრაობაში ქვეყნის განვითარების პერსპექტივა ვერ დაინახა და ამიტომ შეკრებაზეც არ მივიდა.
„მე ვთვლი, რომ ის, რაც ერთხელ უკვე იყო, მეორედ აღარ ღირს, ერთი და იგივე მდინარეში მეორედ აღარ შედიან. მიმაჩნია, რომ პრობლემა უკვე პოლიტიკურ ელიტაშია და არა კონკრეტულ სახელებსა და გვარებში. დღემდე ვერ ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ვალდებულებას აიღებს ქვეყნის პოლიტიკაზე და მის მომავალზე, რომ ქვეყნის განვითარების გეგმა იქნება 15-20-წლიანი, აღარ ვსაუბრობ 50-წლიანზე. აქედან გამომდინარე არ იყო ეს მიზნები დასახული. აქ არის ისევ ლოკალური პრობლემა, ვიღაცები გავუშვათ სახლში.
ვისგან ან რისგან სჭირდება საქართველოს დაცვა?! ან როგორ? მურუსიძე-ჩინჩალაძის გაშვებით? ამისგან ქართველი ხალხი ისედაც დაიცავს საქართველოს, ყოველგვარი პოლიტიკური მოძრაობის გარეშე. ვერ დავინახე პოლიტიკური შეხედულებები. მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა არ არის პოლიტიკური შეხედულებები. მე ქვეყნის განვითარებას ვერ ვხედავ მაგ მოძრაობაში და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, არ მივედი. ზოგადად, ასეთი ვიწრო გაერთიანება ჩემთვის ნამდვილად არ არის მიმზიდველი “, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას დავით ჭიჭინაძემ.
ცნობისათვის, დავით ჭიჭინაჭემ „კვირას“ ექსკლუზიურად განუცხადა, რომ იგი, თანამოაზრეებთან ერთად, ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომლის შესახებაც საზოგადოება ივნისის შუა რიცხვებში შეიტყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები