რომან გოცირიძე: „განქოცებულთა ყრილობა“ – არა მგონია, ამ მოძრაობას პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეს
„არა მგონია, ამ მოძრაობას პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეს“, – ასე აფასებს „კვირასთან“ საუბრისას პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე – რომან გოცირიძე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ მხარდამჭერთა შეკრებას.
ამასთან, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „დაიცავი საქართველოს“ წიაღში რამდენიმე პარტია გაჩნდება და მათი წყალგამყოფი ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულება იქნება.
„არა მგონია, ამ მოძრაობას პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეს. მის წიაღში რამდენიმე პარტია გაჩნდება. მათ არა აქვთ კონსოლიდაციის რესურსი, რადგან განსხვავებული ამოცანები აქვთ. წყალგამყოფი კი ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულება იქნება. ეს იყო „განქოცებულთა ყრილობა“. ღია დაპირისპირება თუ კრიზისულ ვითარებაში ჩავარდნილი ივანიშვილისათვის მაშველი რგოლის გადაგდება. ყოფილი ,,ქოცები”, რომლებსაც ,,ქოცობა” ,,უტყდებათ”!
ჭრელი საზოგადოება შეიკრიბა ფილარმონიაში. მოტყუებულთა და იმედგაცრუებულთა თავყრილობა შეიძლება ვუწოდოთ მას. უცნაური ისაა, რომ მის ორგანიზატორებს იმეგდგამცრუებლის და მომტყუებლის მიმართ აუგი ვერ დააცდენინეს. ეს იმიტომ, რომ მიზნებიც ჭრელი აქვთ: ერთ ნაწილს კვლავ უკან მიჩოჩება უნდა, მეორეს – მღვრიე წყალში ფულის შოვნა, როგორც არაერთხელ გამოსვლიათ, მესამეს – შურისძიება, დაუმსახურებელი გარიყვისათვის, მეოთხეს – გაუქმებული გრანტის აღდგენა და ა. შ.
ცვლილებების გულწრფელი მომხრეებიც არიან, რომლებსაც სურთ, რომ ”ესენი” წავიდნენ, ოღონდ “ისინი” არ უნდა მოვიდნენ”. როგორი პრაგმატული თუ იდეალისტური მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეთ, ერთი რამ ფაქტია: ივანიშვილს საყრდენი ჩამოეშალა და წვრილფეხა ფუნქციონერების ამარა დარჩა. დანარჩენი დროის და ტექნიკის საქმეა!“ – განუცხადა „კვირას“ რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფილარმონიაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ მხადამჭერები შეიკრიბნენ.
დარბაზში მმართველი გუნდის ყოფილი წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ.