„იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით“ –– სტუ სპორტულ-გამაჯანსაღებელ გარბენს აწყობს

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ტრადიციულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ გარბენს აწყობს, დევიზით – „იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით“– ვემზადებით მსოფლიო რბენისათვის- ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სტუ-ის სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარბენი, რომლის მიზანიც ცოდნის დაუფლებასთან ერთად, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, ხვალ, 14 აპრილს, 11 საათზე, ლისის ტბიდან დაიწყება.
ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, გარბენში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც უკვე შეუსრულდა 15 წელი ( არასრულწლოვანთა შემთხვევაში აუცილებელია მშობლის თანხმობა).
სტუ-ის სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარბენი სტარტს ზუსტად 11:00 საათზე აიღებს.
მონაწილეთა რეგისტრაცია და სანომრე ნიშნების დარიგება 09:00 საათიდან დაიწყება.
გარბენი 2 დისტანციაზე შესრულდება – 3 კმ და 10 კმ.
გარბენის ასაკობრივი კატეგორიებია: 16-19 / 20-29 / 30-39 / 40-49 / 50-59 / 60-69 / 70+
3 კმ-იან სამოყვარულო გარბენში მონაწილეობა დასაშვებია ასაკოვანი პროფესორ-მასწავლებლებისა და ნებისმიერი მოხალისისთვის. აღნიშნულ დისტანციაზე, ქალებსა და მამაკაცებს შორის საპრიზო ადგილზე გასული პირები სპეციალური პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
10 კმ-იან დისტანციაზე, ასაკობრივ და აბსოლუტურ კატეგორიებში I, II და III ადგილებზე გასულ პირებს თასები, მედლები, სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარბენის უკლებლივ ყველა მონაწილეს სამახსოვრო მაისურები და სერთიფიკატები გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები