პროექტის – „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ ფარგლებში, თურქეთში, ინეგოლში გადასახლებული ქართველები სამშობლოში ბრუნდებიან
პროექტის – „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ ფარგლებში, თურქეთში, ინეგოლში მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოდან გადასახლებული ქართველები დღეს სამშობლოში ბრუნდებიან. თურქეთში მცხოვრებ ქართველებს შორის ინეგოლელმა ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ქართული ტრადიციული სასიმღერო და საცეკვაო კულტურა. მათ რეპერტუარშია აფხაზური საცეკვაო ფოლკლორიც.
პროექტის – „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ განსაკუთრებული სტუმრები დღეს, 14 აპრილს, დილის 03:30 საათზე, საქართველოში ჩამოფრინდებიან. აეროპორტში ინეგოლელ სტუმრებს პროექტის ორგანიზატორები: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც დახვდებიან. ჩამოსული სტუმრებისთვის ფოლკლორული ფლეშ-მობი მოეწყობა, რომელშიც სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლების წევრები მრავალჟამიერითა და ფოლკლორული ცეკვებით მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ თურქი ქართველების ნაწილი საქართველოში პირველად ჩამოდის. 14 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით, ინეგოლში მცხოვრები ქართველი სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიება თუ მიღება, როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და აჭარის სოფლებში, საიდანაც მათი წინაპრები თურქეთში, კერძოდ, ინეგოლში გადასახლდნენ.
პროექტი – „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით ტარდება. პროექტის ფარგლებში, თურქი ქართველები 15 აპრილს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში საზეიმო კონცერტს გამართავენ, ხოლო 17 აპრილს კონცერტები ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას 40-მდე 18-დან 80 წლამდე ინეგოლელი ქართველი მიიღებს, რომელთა ნაწილიც საქართველოში პირველად ჩამოდის.
საღამოზე მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები შესრულდება. საღამოზე შედგება კონსერვატორიისა და ფონდის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარდგენილი.
პროექტის მიზანია, ქართულ საზოგადოებას გააცნოს ინეგოლში მცხოვრები ჩვენებურების მიერ სულ ცოტა 150 წლის მანძილზე უცვლელად შემონახული უნიკალური კულტურა და ორი ქვეყნის შემოქმედებით და კულტურულ ურთიერთობებს შეუწყოს ხელი.