ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა     

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი – სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები – ლერი ბარნაბიშვილი და ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ საგამოძიებო სამმართველოს უფროსს,  ედვარდ ჰოვანისიანს შეხვდნენ.
როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს საფინანსო – ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის სფეროში საგამოძიებო უწყების წარმატებული გამოცდილება და ოპერატიულ-სამძებრო მუშაობის პრაქტიკული საკითხები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე, საგამოძიებო უწყების საქმიანობის მიზნებისა და საკანონმდებლო საფუძვლების თაობაზე და იმ დანაშაულების შესახებ ისაუბრეს, რომლებზეც საგამოძიებო სამსახური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას ახორციელებს.
“საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთით, ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით და რისკების გათვლით, საგამოძიებო სამსახური  იცავს თავისუფალ ბიზნესგარემოს და ხელს უწყობს  საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას“, –  განაცხადა სტუმრებთან შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დაიგეგმა. შეხვედრის შემდეგ, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს სპეციალური დანიშნულების რაზმის შენობა დაათვალიერებინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები