სანდრა რულოვსის შეხვედრის გადასაღებად მისულ „კვირას“ ჟურნალისტებს კარი მოუხურეს – რა მოხდა ზუგდიდის დღის ცენტრში

ზუგდიდის შშმ ბავშვთა დღის ცენტრ „ნერგების“ დირექტორმა იამზე ალფენიძემ „კვირას“ ჟურნალისტებს კარი მოუხურა და მერობის კანდიდატთან, სანდრა ელისაბედ რულოვსთან შეხვედრის გადაღების შესაძლებლობა არ მისცა. ამის ფონზე, გაერთიანებული ოპოზიციის პრესსამსახურის ოპერატორმა და ფოტოგრაფმა შეხვედრის გადაღება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეძლეს.
ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სტუმრობის მიზეზი არ იცოდა, თუმცა, ამავდროულად განაცხადა, რომ შეხვედრა კონფიდენციალური იყო.

სანდრა რულოვსმა „კვირასთან“ სატელევიზიო კომენტარი ცენტრის დატოვების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ დაწესებულების მუშაობით კმაყოფილია, თუმცა, აქ ზოგადი პრობლემები მაინც არის, რაც ბენეფიციარების მცირე რაოდენობას უკავშირდება და მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ცენტრის გაფართოებას გეგმავს.

განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა „კვირასთან“ ინტერვიუში „ნერგების“ ხელმძღვანელმა. იამზე ალფენიძე „კვირამ“ სანდრა რულოვსის სტუმრობამდე ერთი დღით ადრე ჩაწერა და დღის ცენტრის მუშაობის შესახებ გამოკითხა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, დაწესებულებას უკვე რამდენიმე წელია მერია აფინანსებს, თუმცა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტებიც. იამზე ალფენიძის თქმით, ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ პოლონური ფონდის დაფინანსებაც მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც, მუსთერაპიის კაბინეტი მოეწყო და დღის ცენტრის პედაგოგებმა გადამზადების კურსი პოლონეთში გაიარეს.

ცენტრს ახლახანს, ადგილობრივმა მერიამ ახალი ტერიტორიაც გამოუყო, სადაც „ნერგების“ ახალ ადაპტირებულ შენობას ააშენებენ და ბენეფიციარებს გადაიყვანენ.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი ნერგები“ 2001 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ინტეგრირებული კლასები დააარსეს. 2013 წლიდან ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში ჩაერთო, მისი პროვაიდერი ორგანიზაცია გახდა და პროგრამით ნულიდან თვრამეტ წლამდე ბავშვები სარგებლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები