ჩემი აზრით, ოპოზიციისგან იქნება რევოლუციის მცდელობები, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. რაც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ დამხობაზე, მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას არც არჩევნების და არც მშვიდობიანი დამხობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს.
„ის, რაც ოპოზიციისგან გვესმოდა წინა პერიოდში, ყველა არჩევნების წინ, ის გვესმის ახლაც. ყოველთვის ჰქონდათ ასეთი მცდელობები.
ჩემი აზრით, ოპოზიციისგან იქნება რევოლუციის მცდელობები, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. რაც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ დამხობაზე, მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. სიტყვა დამხობის ხმარებას ძალიან შეეჩვივნენ და როდესაც დამხობაზე ვსაუბრობთ, ეს რომ სისხლის სამართლის დანაშაულია მათ კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული და ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ბუნებრივია მოჰყვება შესაბამისი პასუხი სახელმწიფოს მხრიდან.
ტერმინი – მშვიდობიანი დამხობა ცოტა სასაცილოცაა. როგორ შეიძლება დამხობა იყოს მშვიდობიანი?! დამხობა თავისთავად ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ცვლილებას გულისხმობს. ამის მცდელობა ბევრჯერ ჰქონიათ. რეალურად ოპოზიციაში მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლისთვის შანსი შეიძლება იყოს რევოლუციურ გზებში და ე.წ. მშვიდობიან დამხობებში. არც არჩევნების გზით აქვთ მათ რაიმე შანსი ხელისუფლებაში მოსვლის და მშვიდობიან დამხობაზე საუბარიც არაა“,- განაცხადა კახიანმა.
კახიანმა ასევე გაიხსენა მედიაში ადრე გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის თანახმად IRI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჰქონდა სამოქმედო გეგმა, რომელიც რევოლუციურ სცენარებს ითვალისწინებდა.
„მაშინ თითქოს ამას დიდი ყურადღება არ მივაქციეთ, მაგრამ დღეს დადასტურდა ეს გეგმა, რომ მართლა არსებობს, რეალურია და მართლა ამაზე ფიქრობენ. აქციების თარიღიც კი იგივე დაასახელა ოპოზიციამ – 13 სექტემბერი. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა რა, რომ ეს ისევ და ისევ არის გარედან სამოქმედო გეგმებით მართული ძალა და ის, რომ მათთვის სხვა ალტერნატივა, გარდა რევოლუციური გზებისა, აქციებისა და დამხობისა არ არსებობს“, – აღნიშნა კახიანმა.