გიორგი გაზდელიანი: მე მაქვს ცენტრალური ხელისუფლების იმედი და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ
მე მაქვს ცენტრალური ხელისუფლების იმედი და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, გიორგი გაზდელიანმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში ძირითადი გამოწვევები ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და სოციალური მიმართულება იქნება.
„ლენტეხში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ასევე, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი არის დაგეგმილი. ძირითადი გამოწვევები 4 წლის განმავლობაში იქნება ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და სოციალური მიმართულება. ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვახორციელებდით მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიებზე ცენტრალურ საავტომობილო და შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გზების რეაბილიტაციასა და წყალსადენების სისტემების მოწესრიგებას. ასევე ძალიან. მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით ინვესტიციების განხორციელება ჩვენს მუნიციპალიტეტში, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დასაქმებას. ლენტეხის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით მიგრაცია აქტიურად მიმდინარეობს, სწორედ აღნიშნული მიმართულება შეაჩერებს ამ პროცესს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მიმართულება. ჩვენ დაახლოებით 300 ათას ლარამდე გვაქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა ამ მიმართულებით და შევეცდებით მაქსიმალურად, რომ მოქალაქეებისთვის სოციალური პაკეტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. მე აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა, რამაც გამოიწვია ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურისტებისა და ვიზიტორების ნაკადების ზრდა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის შეიქმნა გარემო, რომ მათ საკუთარი თავის რეალიზაცია მაქსიმალურად შეძლონ. ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების საკითხზეც გავამახვილებ ყურადღებას, ამასთან მიმართებაში დღეის მდგომარეობით ვიცით, რომ მიმდინარეობს პროექტირება და ჩვენი მოქალაქეები მალე ამ სიკეთითაც ისარგებლებენ“, – განაცხადა გაზდელიანმა.
მან ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდზეც.
„წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ჩვენ აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას. პროცესში ჩართული არიან მოქალაქეები. ჩვენ ვცდილობთ და მაქსიმალურად შევეცდებით მომავალშიც, რომ ჩვენ მოქალაქეების პრობლემები გავითვალისწინოთ, გვაქვს დასახული სამომავლო გეგმებიც. მე მაქვს იმედი ცენტრალური ხელისუფლების და მათი მხარდაჭერით დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ ჩვენს მუნიციპალიტეტში. მზად ვარ ადგილობრივ გუნდთან ერთად ვიყო ჩვენი მოქალაქეების სამსახურში და მათი საჭიროებებისა და გამოწვევების მოგვარების ნაწილში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – აღნიშნა გაზდელიანმა.