ნიკოლოზ ჯანიაშვილი: ჩვენი მოსახლეობის მიერ გამოჩენილი ძალიან დიდი ნდობისა და გვერდში დგომით გადავჭერით ისეთი პრობლემები, რომლის გადაჭრაზეც ხალხი ოცნებასაც კი გადაჩვეული იყო

ჩვენი მოსახლეობის მიერ გამოჩენილი ძალიან დიდი ნდობისა და გვერდში დგომით გადავჭერით ისეთი პრობლემები, რომელიც მათ აწუხებდათ და რომლის გადაჭრაზეც ხალხი ოცნებასაც კი გადაჩვეული იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დედოფლისწყაროს რაიონში „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი საამაყო მიღწევაა.

„დედოფლისწყაროში მართლა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ 13 წლის განმავლობაში. ჩვენი მოსახლეობის მიერ გამოჩენილი ძალიან დიდი ნდობისა და გვერდში დგომით გადავჭერით ისეთი პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა და რომლის გადაჭრაზეც ხალხი ოცნებასაც კი გადაჩვეული იყო.

პირველი, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა – მოგეხსენებათ, დედოფლისწყარო ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტია და დედაქალაქთან დამაკავშირებელი ერთადერთი ცენტრალური გზაც არ გაგვაჩნდა და მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, არა თუ თბილისთან დამაკავშირებელი გზა, არამედ ყველა სოფელთან დამაკავშირებელი ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის გზა გვაქვს.

უკვე 4 წელია დედოფლისწყაროში უასფალტო ქუჩა არ დარჩენილა. მიმდებარე სოფლებშიც ასეა და ყოველწლიურად აბსოლუტურად ყველა სოფელში შიდა საუბნო გზებს ვაკეთებთ. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი საამაყო ნაწილია. ამან დედოფლისწყაროში როგორც მოსახლეობის ყოფა გააუმჯობესა, ასევე, ეკონომიკურ აქტივობას გაუხსნა ხელი.

სულ რამდენიმე დღეში რთველი დაიწყება, საქართველოში პირველი სწორედ ჩვენგან იწყება რთველი, ყურძენს ფასი დაედო, გლეხს სტიმული გაუჩნდა, რომ ყურძენი მოიტანოს.

ასევე ბაღები, რომელზეც თუ წინა ხელისუფლებას წლის განმავლობაში სულ ბიუჯეტი გააჩნდა 400 ათას ლარამდე, დღეს უკვე 2025 წელს „ქართული ოცნების“ პირობებში 4 მლნ 400 ათასი ლარია ჩვენი ბაღების ბიუჯეტი და მუნიციპალიტეტში 18 ბაღი არსებობს. 18-დან ჩვენ გვაქვს 3 ახლად აშენებული ბაღი, ერთის მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს, 10-ის სრული რეაბილიტაციაა ჩატარებული, 2-ის რეაბილიტაცია ახლა მიმდინარეობს და ვამაყობთ, რომ კახეთსა და მთელს საქართველოში თუ საუკეთესო არა, არავისზე ნაკლები პირობები არ აქვთ ჩვენს ბავშვებს“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე

„არცერთ ხელისუფლებას „ქართული ოცნების“ გარდა 1 სკოლა არ აუშენებია დედოფლისწყაროში. დღეს 2 ახლად აშენებული სკოლა გვაქვს, 2-ის მშენებლობა მიმდინარეობს და 6 სრულად განახლებულია. ასევე ჩვენ შევძელით რეგიონის გაზიფიცირება. მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა. გვაქვს ასევე 21 ახალი სტადიონი. ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის დარბაზი ავაშენეთ. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია ხდება და ასეა ბევრი მიმართულება. რაც შეეხება გამოწვევებს, ერთ-ერთი უდიდესი იყო სასმელი წყალი და ამ მიმართულებით გიგანტური ნაბიჯები გვაქვს გადადგმული როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები