ბექა ოდიშარია საგარეო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ ნინუასა და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოადგილესთან, რატი ბრეგაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
​შეხვედრისას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, მათ შორის – დიასპორის რუკის შექმნის საკითხზე, ასევე, “დიასპორის დღეზე”, რომელიც, ტრადიციულად, 27 მაისს აღინიშნება.
შეხვედრისას, საუბარი ბიუჯეტის შესაძლო კორექტირებას შეეხო. როგორც აღინიშნა, ბიუჯეტი უნდა გამომდინარეობდეს იმ საჭიროებებით, რომლებიც დღეს ჩვენს დიასპორას აქვს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბიუჯეტის შესაძლო კორექტირებაზე. ბიუჯეტი უნდა გამომდინარეობდეს იმ საჭიროებებით, რომლებიც აქვს დღეს ჩვენს დიასპორას, რათა უკეთ მოხდეს საკვირაო სკოლების, დიასპორული ორგანიზაციების, ახალგაზრდა ელჩის ინსტიტუტის ხელშეწყობა”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
​მისი თქმით, აღმასრულებელი თუ საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების დროს ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრების ტრადიციის – „დიასპორის საათის” დამკვიდრება იგეგმება, რაც კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება.
„გვინდა, რომ დიასპორულ ორგანიზაციებთან შეხვედრების ტრადიცია – „დიასპორის საათი” დავამკვიდროთ. ვგეგმავთ, სახელმწიფოს წარმომადგენლობითი დელეგაციების ვიზიტისას (თუ ვიზიტის ხანგრძლივობა ამის შესაძლებლობას იძლევა) საელჩოებში, კამერულ სიტუაციაში მოხდეს დიასპორასთან შეხვედრა, რათა მათგან მოვისმინოთ მიმდინარე საჭირბოროტო საკითხები და ჩვენც გავაცნოთ მათ ის ინიციატივები, რომლებიც აქვს ქვეყანას”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გივი ჭიჭინაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – ირაკლი მეზურნიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები