დეპუტატები ზუგდიდის ინციდენტზე: პროვოცირება ხდება ხელოვნურად იმისთვის, რომ მერე დაჩაგრულის როლში გამოვიდნენ – ეს „ნაცმოძრაობის“ ცნობილი ტაქტიკაა

სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრებმა კომენტარი გააკეთეს. დეპუტატები პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ, ხელოვნური პროვოცირების მიუხედავად, ხელისუფლება საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.

დეპუტატ აკაკი ზოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნაცნობ ტაქტიკას იყენებენ, რომ თავი დაჩაგრულებად წარმოაჩინონ. ზოიძე მიიჩნევს, რომ ისინი ამით ამომრჩეველზე ზემოქმედებას ცდილობენ.

„პროვოცირება ხდება ხელოვნურად იმისთვის, რომ მერე დაჩაგრულის როლში გამოვიდნენ და თქვან, რომ ხელისუფლება ტერორს აწარმოებს და ზონდერგუნდები ჰყავს. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი ტაქტიკაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის, მათ შორის – წინასაარჩევნო პერიოდიც. ჩვენს ოპონენტებსაც იმავეს მოვუწოდებთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობაა, რომ სიმშვიდე უზრუნველყოს. ეს ბრალდებები ცნობილი ტაქტიკაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ წარმოაჩინონ თავი დაჩაგრულებად იმიტომ, რომ ამომრჩეველი, ზოგადად, სიმპათიით არის ხოლმე განწყობილი დაჩაგრულის მიმართ. ეს არის ძალადობით ცნობილი რეჟიმის წარმომადგენელი ხალხი და რაზე არის ლაპარაკი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ამ ინციდენტს ოპოზიცია სუბიექტურად აფასებს.

„ჩემთვის ცნობილია, რომ მოხდა კონკრეტული ინციდენტი. კონკრეტული ინციდენტის დროს სამართალდამცავები მოქმედებდნენ შესაბამისი წესით, რაც მათთვის არის განსაზღვრული. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას – ეს პოლიტიკური პარტიის სუბიექტური შეფასებაა, შესაბამისად, არ არის გასაკვირი „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი შეფასება. დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, მთლიანად ხელისუფლება გააკეთებს მაქსიმუმს, რომ არჩევნები მშვიდად, წყნარ ვითარებაში, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები