აუდიტის სამსახური: საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ნაკლოვანებების შედეგად, არასწორადაა განკარგული 13 მილიონ ლარზე მეტი

“საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ნაკლოვანებების შედეგად, არასწორად არის განკარგული 13 მილიონ ლარზე მეტი”, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შემაჯამებელი ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თანხები გახარჯეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც აუდიტის მიმდინარეობისას დაუსრულებელი იყო და არ გამოიყენებოდა. აღნიშნული პროექტების დასრულება დამატებით დაფინანსებას საჭიროებდა, რაც აღარ დაუგეგმავთ.
ხარჯები გაწეულია საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით; საბიუჯეტო რესურსები განკარგულია არამიზნობრივად;
გაწეულია ზედმეტი საბიუჯეტო ხარჯი ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელთა ანაზღაურებაც კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის და სხვ.
ცნობისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩაატარა 47 აუდიტი, სულ აუდირებულმა თანხამ შეადგინა 3,065,922.1 ათასი ლარი.
აუდიტების შედეგად, 700-მდე შემთხვევაში − 626,697.2 ათასი ლარის მართვისა და განკარგვის პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათის ნაკლოვანება, მათ შორის, 578,123.5 ათასი ლარი − აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით გამოვლენილი ხარვეზებია.
აღნიშნული, ძირითადად, გამოწვეულია საბიუჯეტო რესურსებისა და აქტივების არამიზნობრივი თუ არაეფექტიანი განკარგვით, შესყიდვების პროცესში არსებული სხვადასხვა დარღვევით, ასევე – ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგებისას დაშვებული დარღვევა-ნაკლოვანებებით.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სახელმწიფო შესყიდვების მართვის პროცესში გამოვლინდა 33 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა სახის დარღვევა, რაც დაშვებულია შემდეგი მიმართულებებით:
საბიუჯეტო თანხები გადარიცხულია შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე; მუნიციპალიტეტებმა აანაზღაურეს მიმწოდებლების მიერ შეუსრულებელი სამუშაოები; სამუშაოების დაგეგმვისა და შესრულების პროცესში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის პირობების გაუარესება გამოიწვია;
სამუშაოების შესრულების ვადებში ცვლილებები შეტანილია სათანადო დასაბუთების გარეშე, რის გამოც არ არის გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები;
შესყიდვების პროცესში საბიუჯეტო რესურსები განკარგულია არაეკონომიურად და სხვა – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები