ქართული ენისა და ლიტერატურის 2019 წლის საუკეთესო მასწავლებელი ნათია ფურცელაძე გახდა

“დედაენის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა – მიხეილ ბატიაშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის 2019 წლის საუკეთესო მასწავლებელი დააჯილდოვა. კონკურსის გამარჯვებული სკოლა „ქორალის“ პედაგოგი, ნათია ფურცელაძე გახდა, რომელსაც სპეციალური ჯილდო- ტიხრული მინანქრით შესრულებული ვერცხლის გულსაბნევი და სპონსორთა მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა.

ღონისძიებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი – ბერიკა შუკაკიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი – გიორგი კეკელიძე, კონკურსში მონაწილე პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თითოეულ საგანში საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივაა.
კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ 5 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე, შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.
პროექტის მხარდამჭერია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია, კომპანია Ici Paris-ი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები