მამუკა ბახტაძის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად სოფო ჯაფარიძემ გამოაქვეყნა.
„კვირა“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გაცნობებთ, რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და პრემიერმინისტრის თანაშემწის პოზიციას. (მალე გაცნობებთ, საით გამიწევია.) მანამდე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს, რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი, რა პოზიციაზე, ა.შ) წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის. იგივე ეხება ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა.
მიუხედავად იმისა, რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი, მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა, რომ ის ადამიანი, ვინც გადაიბარებს ჩემს საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური, ისე – ფინანსურით) იმისათვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება.
ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და, ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია, რომ სხვადასხვა სახის გამოწვევას, უბრალოდ, ვეღარ გავუმკლავდებოდი, თუმცა, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე, ყველაფერს გაუმკლავდები (ბუნებრივია, იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებსაც ზევით მადლობა გადავუხადე).
არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, თუ რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე, ამას თქვენ უკეთ შეაფასებთ და დროც თავისას იზამს. გარდა ამისა, ნამდვილად მეუხერხულება საკუთარ თავზე საუბარი, ვფიქრობ, ეს ის ნაწილია, რომელიც სხვებს უნდა ვანდო.
ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა: ძალიან მნიშვნელოვანია თვითკრიტიკულობა, გუნდური სულისკვეთება, კარგი კოორდინაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა გამოწვევისთვის თვალის გასწორება. ნამდვილად არ არის დრო არაჯანსაღი კონკურენციისა და ინდივიდური პიარისთვის. არ არის აუცილებელი, ყველას ერთმანეთი მოგვწონდეს (აქაც ისევ ყველა სექტორში დასაქმებულ ადამიანს ვგულისხმობ) და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, თუმცა, აუცილებელია კონსტრუქციულობა და ერთმანეთის პატივისცემა ( რასაც, ბუნებრივია, დამსახურება სჭირდება). იმედი მაქვს, რომ თქვენი პატივისცემა დავიმსახურე”, – წერს სოფო ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები