თალაკვაძე გოცირიძეს: ჩუგოშვილს რომ არამიზნობრივ ხარჯვაზე იწვევ კამათში, თავიდანვე წაგებული ხარ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში მილიონობით ლარი ნიავდება. თალაკვაძის თქმით, გოცირიძეს ბევრი საკითხის მიმართ აქამდე კითხვები არ ჰქონია, ამიტომ მისთვის გაუგებარია, ახლა რატომ დაინტერესდა იგი ამ თემით.
​უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ამ საკითხზე თამარ ჩუგოშვილის კამათში გამოწვევა წამგებიანია.
 
“ფრაქციისთვის ფული დაგვიმატე, თორემ ფლანგვას დაგაბრალებთ”, – ეს არის ბატონი რომან გოცირიძის მარტივი საბრძოლო ტაქტიკა. არადა:
1. ფრაქციებთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა რომ დადებითად გადაწყვეტილიყო, ბიუჯეტს 240 000 ლარით მეტი დაუჯდებოდა წელიწადში;
2. 2 წლის შემდეგ გაუჩნდა “კითხვები” პარლამენტის ბიუჯეტზე;
3. სამივლინებო ხარჯებზე რომ საუბრობს, პარლამენტს, ყოველწლიურად, სწორედ ოპოზიციის მივლინებები უჯდება 400 000 ლარამდე. ამ ხარჯების არამიზნობრივობას გულისხმობს?!
4. პარლამენტი მუდმივად გადის აუდიტის შემოწმებას. აუდიტის სამსახურის სრული დასკვნა ბოლოს 2018 წელს მომზადდა;
5. ხმა არ ამოუღია, ასობით მილიონი როცა დაიხარჯა პარლამენტის მეორე შენობის ასაშენებლად მაშინ, როდესაც თბილისში პარლამენტს ჰქონდა თავისი შენობა;
6. ხმა არ ამოუღია, როცა პარლამენტის თბილისის სასახლე შიგნიდან დაშალეს და განადგურდა და არც დაინტერესებულა, რამდენი ზარალი მიიღო ამით სახელმწიფომ.
და კიდევ, თამარ ჩუგოშვილს რომ არამიზნობრივ ხარჯვაზე იწვევ კამათში, თავიდანვე წაგებული ხარ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
 
შეგახსენებთ – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში მილიონობით ლარი ნიავდება. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, საჭიროა, აუდიტის სამსახურმა პარლამენტში სახსრების არარაციონალურად და საეჭვოდ ხარჯვის ფაქტები შეისწავლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები