ტალინში ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა

 ტალინში, ესტონეთის საბავშვო ლიტერატურის ცენტრის საგამოფენო დარბაზში, ცნობილი ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება ესტონეთის საბავშვო ლიტერატურის ცენტრის ორგანიზებითა და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ესტონეთში საქართველოს ელჩმა თეა ახვლედიანმა და ცენტრის დირექტორმა ტრიინ სოონემ.
თეა ახვლედიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა ესტონეთში ქართული ხელოვნების წარმოჩენის მნიშვნელობას. ელჩი მიესალმა ესტონეთის საბავშვო ლიტერატურის ცენტრში პირველი ქართველი მხატვრის ნამუშევრების წარმოდგენას და ისაუბრა ნინო ჩაკვეტაძის შემოქმედების განსაკუთრებულ სტილზე. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ გამოფენა მოიცავს არტისტის შემოქმედების მხოლოდ ერთ-ერთ მიმართულებას – ქართული საბავშვო ლიტერატურის, ისევე როგორც უცხოელი ავტორების საბავშვო წიგნების ილუსტრაციებს.
გამოფენის გახსნას ესწრებოდა თავად ნინო ჩაკვეტაძეც, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვია ტალინს. მან დამთვალიერებლებს წარუდგინა ინფორმაცია ნამუშევრების შესახებ და ისაუბრა მისი შემოქმედების ჟანრსა და ძირითად მიმართულებებზე.
აღსანიშნავია, რომ ცენტრი რეგულარულად წარუდგენს ესტონელ დამთვალიერებელს საბავშვო წიგნების როგორც ესტონელი, ასევე უცხოელი ილუსტრატორების ნამუშევრებს, სადაც პირველად გამოიფინება ქართველი ხელოვანის ნახატები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის კულტურისა და ლიტერატურული წრეების, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ნამუშევრების დათვალიერება 10 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები