რატომ დაშალა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირადი მობილური ტელეფონი?!
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი კახეთის ყოფილი გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის „ლიტკაფეში“ თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. იაგო კაჭკაჭიშვილს მიაჩნია, რომ როდესაც ადამიანები ქუჩურ გარჩევებსა და თავდასხმის ასეთ ფორმას მიმართავენ, სახელმწიფო თავის ადგილას არ დგას. კაჭკაჭიშვილის სტატუსს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ამბავს გულისტკივლით და საჯაროდ პირველად ვყვები: 2004 წელია. ზურაბ ჭიაბერაშვილი (რომელთანაც ჯერ კიდევ ვმეგობრობდი) უკვე თბილისის მერია. შიგადაშიგ ვიკრიბებოდით ხოლმე მეგობრები, უფრო ხშირად დიდსულოვნად გვპატიჟებდა ნინო ჩინჩალაძე. ცნობილებიდან ამ შეკრებების მონაწილე გოგი გვახარია, რეზო საყევარიშვილი და სხვები იყვნენ. ჰოდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც თბილისის ახალი მერიც შემოგვიერთდა, მან ამოიღო ტელეფონი და უბრალოდ კი არა გათიშა, არამედ დაშალა (ანუ, ამოიღო ბატარეა). მოტივი ცხადად ითქვა: რისკი იმისა, რომ გვისმენდნენ, დიდი იყო, ჰოდა, ნაცმოძრაობის ფავორიტს არ სურდა, რომ ხილულად გარეულიყო იმ გარემოში, სადაც ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ… პირველი სერიოზული იმედგაცრუება „ჭიათი“ სწორედ მაშინ მივიღე, წავიჩხუბეთ კიდეც („საათის“ უსიამოვნო ისტორიაც გავახსენე)… იმ დღის შემდეგ, ცხრა წლის მანძილზე, ამაოდ ველოდი ზურას თუნდაც სუსტ პროტესტს იმ უმსგავსობების მიმართ, რასაც ის ხელისუფლება სჩადიოდა, რომლის ნაწილიც თავად იყო. არც ერთი, დიახ – არც ერთი საჯარო გამოსვლა და მითითება შეცდომებზე… მე მესმის, რომ პოლიტიკაში (თანაც, ხელისუფლებაში) ყოფნა კომპრომისებზე წასვლას ითხოვს (ხშირად, სამწუხაროდ, სინდისთანაც კი). ვინ არ წავსულვართ გაუმართლებელ კომპრომისზე, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსის ცუდი კომპრომისის დატვირთვა გაცილებით მძიმეა, რადგან ასეთ დათმობებს მასშტაბური (ანუ, საზოგადოებრივი) რეზონანსი აქვს, ხშირად – სავალალო რეზონანსი (სწორედ ამიტომ, არასოდეს აზრადაც არ გამივლია პოლიტიკაში წასვლა)… ფაქტია, რომ დღეს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, წინა ხელისუფლების დროს დაშვებული სავალალო კომპრომისების ავტორების მიმართ აგრესიაა დაგროვილი, ხოლო აგრესიის ერთ-ერთი ფორმა ფიზიკური შეურაცხყოფაა… შემდგარი ქვეყანა ცდილობს, აგრესიის თვითნებური ფორმების ხარისხი მინიმუმამდე დაიყვანოს და მას (აგრესიას) ინსტიტუციური კალაპოტი მოუძებნოს (როგორიცაა, მაგალითად, სასამართლოში ჩივილი, სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა, მედიაში გაკრიტიკება, პიკეტის მოწყობა და ა.შ.). ის, რომ დღეს აგრესიის მატარებელი მოქალაქეები (თანაც, კულტურის სფეროს წარმომადგენლები!), ასეთი ინსტიტუციური ფორმების ნაცვლად, ქუჩურ გარჩევებს და პირდაპირ თავდასხმებს მიმართავენ, იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფო არ დგას თავის ადგილზე. როგორც ჩანს, ჰაერივით აუცილებელია მარეგულირებელი ნორმების სერიოზული გამკაცრება, რათა მავანს ასეთი ბარბაროსული ანგარიშსწორების მადა წაერთვას. მე სხვა უფრო ეფექტურ და სწრაფ გამოსავალს ვერ ვხედავ! “ – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.