საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ობამას განცხადებას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებას, 2014 წლის შემდგომ ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ურყევ ნებას და ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ავღანეთის უსაფრთხოებას, ერთიანობასა და დემოკრატიულ განვითარებას.
„საქართველო, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და ნატოს ასპირანტი ქვეყანა, გამოხატავს მზადყოფნას, განუხრელად გააგრძელოს მოკავშირეების ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერა ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.
ჩვენ გვეამაყება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის დემოკრატიული აღმშენებელობის პროცესში, რისი ნათელი მაგალითიც არის მიმდინარე წლის 5 აპრილს ავღანეთში ჩატარებული საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი რაუნდი“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, 2014 წლის ბოლომდე ქართული ქვედანაყოფები გააგრძელებენ ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში (ISAF) მონაწილეობას არსებული კონტინგენტით. საქართველო ასევე ადასტურებს მზადყოფნას, მოკავშირეების მხარდამხარ 2014 წლის შემდგომაც გააგრძელოს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები