მამუკა მდინარაძე: თუ დარბაზში ცოტა მაინც ხმაურია, დეპუტატებს არ ესმით სპიკერის ხმა – რომელ კანონპროექტს ეყრება კენჭი
ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, კანონპროექტის კენჭისყრის დროს ღილაკების არევის თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, არანაირი ტექნიკური შეცდომა არ ყოფილა და მიზეზი დარბაზის აკუსტიკაა.
,,არანაირი ტექნიკური შეცდომა. ბოდიში ჩემს თანაგუნდელებთანაც, მაგრამ ეს არასწორი განმარტებაა.
არავინ სვამს კითხვას, ქუთაისში რატომ არ ხდებოდა მსგავსი შემთხვევები. პასუხი და რეალობა, რაც არ უნდა უხერხული სათქმელი იყოს, არის ერთი და მარტივი – ქუთაისში ხმა ისმოდა. თუ დარბაზში ცოტა მაინც ხმაურია,
დეპუტატებს არ ესმით სპიკერის ხმა – რომელ კანონპროექტს ეყრება კენჭი. პრინციპში ეს პრობლემა მალე მოგვარდება.
თავის მხრივ კი ერთი დადებითი მხარე, რაც ნათლად გამოჩნდა – დეპუტატები თუ ვერ უსმენენ, რომელ საკითხს ეყრება კენჭი, ისინი მექანიკურად არ აძლევენ ხმას (ამაზეც ხშირად გაგვიგია კრიტიკა).
ობიექტურობისთვის ასევე უნდა ითქვას, რომ სანამ სხდომათა დარბაზში ტექნიკური პრობლემა (ხმის და აკუსტიკის) არ მოგვარდება, დეპუტატმა კეთილი უნდა ვინებოთ და მაქსიმალურად შევინარჩუნით სიჩუმე.
რაც არ უნდა ვიშაყიროთ წითელზე და მწვანეზე (სხვათა შორის ჩვენც მათ შორის), ეს არის ერთადერთი და სრული სიმართლე,”- წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი ეყარა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მე-11 და მე-12 კლასელებს საატესტატო გამოცდები უნდა მოეხსნათ. კანონპოექტი ჩავარდა, სავარაუდოდ, ღილაკების არევის გამო.